თბილისში ბაროკოს მე-3 ფესტივალი გაიმართება

 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში რიგით მესამე  ბაროკოს ფესტივალი გაიმართება.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 6 ნოემბერს, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკო ნასრაშვილი, ფესტივალის დირექტორი კონსტანტინე კასრაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ქერელაშვილი, „ბერლინის ძველი მუსიკის აკადემიის“ მენეჯერი უვე შნაიდერი და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი უძღვებოდნენ.
თბილისის ბაროკოს ფესტივალის ორგნიზატორია თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი; კონცერტები რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში 7,11, 16, 20, 24 ნოემბერსა და 1, 7 დეკემბერს ჩატარდება.
ფესტივალზე მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები წარდგებიან: ქეთევან ქემოკლიძე (მეცო სოპრანო), სალომე ჯიქია (სოპრანო), ანა ცარციძე (სოპრანო), სერგეი მალოვი (ვიოლინო/ჩელო და სპალა); ჟან რონდო (კლავესინი, საფრანგეთი); დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია); სერჯიო აზოლინი (ფაგოტი, იტალია); ჯოვანი დე ანჯელი (ჰობოი, იტალია); პრიშკა კომპლოი (ჰობოი, იტალია); აი იკედა (ფაგოტი, იაპონია) და სხვა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრების ხუთეულში შესული „ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია“  წელს პირველად სტუმრობს საქართველოს.
გამორჩეულია, ფესტივალის ფარგლებში, 11 ნოემბერს დაგეგმილი კონცერტიც, სადაც ევროპულ მუსიკასთან ერთად, პირველად იქნება წარმოდგენილი ბაროკოს ეპოქის ქართული მუსიკა, საგალობლები. კონცერტში, სახელწოდებით „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკა“ მონაწილეობას მიიღებს „ანჩისხატის მგალობელთა გუნდი“.
თბილისის ბაროკო ფესტივალის 2017 წლის პროგრამა, ასევე მოიცავს მასტერკლასებს, სამეცნიერო და შემეცნებით ლექციებს, უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით.
ფესტივალის პარტნიორები არიან: იტალიის საელჩო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი და სხვა კერძო კომპანიები.
2017 წლის 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ მსოფლიოს ვარსკვლავებთან და „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, კიდევ ერთხელ გააცოცხლებს ბაროკოს ეპოქას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები