სახელმწიფო აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიას შექმნის – რა აკრძალვები ამოქმედდება მოთამაშეებისთვის

0

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული საქართველოს მოქალაქეებისთვის „დამოკიდებულ პირთა სია“ შეიქმნება და 3 წლის ვადით აზარტულ თამაშებში, მათ შორის ელექტრონულად, მონაწილეობა აეკრძალებათ.
სიის წევრობა ნებაყოფლობითი იქნება, თუ მოთამაშეს მიაჩნია, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულია, მას აქვს უფლება, განცხადების საფუძველზე დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანა მოითხოვოს. სიაში მონაცემების შეტანას შემოსავლების სამსახური ახორციელებს.
მოთამაშის გარდა, პირის მონაცემების რეესტრში შეტანა მისი ოჯახის წევრებსაც შეეძლებათ, თუმცა, ასეთ შემთხვევაში პროცესი სასამართლოს გზით წარიმართება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მოსამართლე გამოაცხადებს. პროცესი ასეთია: ოჯახის წევრის განცხადებას მაგისტრატი ან რაიონული/საქალაქო სასამართლოს მოსამართლე განიხილავს. წერილობითი განცხადება უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ფაქტებს და გარემოებებს, რომლებზეც განმცხადებელი ამყარებს თავისი ოჯახის წევრის „დამოკიდებულ პირთა სიაში“ ჩასმის მოთხოვნას. ასევე, მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებიც განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებებს დაადასტურებენ. მტკიცების ტვირთი განმცხადებელს ეკისრება, დამოკიდეულთა სიაში შესატან პირს კი უფლება აქვს, წერილობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები და მტკიცებულებები.
როგორც კანონპროექტშია მითითებული, განმცხადებლის განხილვის დროს მოსამართლე ხელმძღვანელობს საქმის ინდივიდუალური გარემოებებით, მათ შორის ითვალისწინებს: „დამოკიდებული პირის დამოკიდებულების სიმძიმეს; ნოჯახის წევრისთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს“.
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციოშია შესაძლებელი, სააპელაციოს გადაწყვეტილება კი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესაძებ“ საქართველოს კანონის პროქტის ავტორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროა. პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მიზანი კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორება, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შემცირება და დამოკიდებულ პირთა სიის შექმნაა.
მას შემდეგ, რაც სია შეიქიმნება, „ყველა სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას ექნება ვალდებულება, სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს ის დამოკიდებულ პირთა სიაში. თუ პირი სიაშია, ის სათამაშოდ არ დაიშვება. „დამოკიდებულ პირთა სიაში“ შეყვანილი პირების აზარტულ თამაშებზე დშვება დასჯადი ქმედება ხდება.
კერძოდ, დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილას, მათ შორის, სისტემულ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება გამოიწვევს თამაშობის ორგანიზატორის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. განმეორებით კი გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, სია ყველა სათამაშო დაწესებულებისთვის საერთო იქნება და მოიცავს როგორც ტოტალიზატორებს, ისე სამორინეებს.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.

წყარო: „პრაიმტაიმი“

კომენტარები

კომენტარი