სლოვაკეთის პოლიციის უფროსმა პრესკონფერენციის დროს გონება დაკარგა

სლოვაკეთის პოლიციის უფროსმა, გენერალმა იანა მაშკაროვამ პრესკონფერენციის დროს გონება დაკარგა.

მედიის ცნობით, სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატუშ შუტაი-ეშტოკმა და პოლიციის უფროსმა ქვეყანაში სატელეფონო და ინტერნეტ თაღლითობის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.

ღონისძიება YouTube არხებით სლოვაკურმა მედიამ გაავრცელა.

შესავალი სიტყვის შემდეგ, მინისტრმა სიტყვა პოლიციის უფროსს გადასცა. მაშკაროვამ საუბარი დაიწყო, თუმცა მალევე შეუძლოდ გახდა.

„ბოდიშს გიხდით, თავს ცოტა ცუდად ვგრძნობ, არ ვიცი რატომ. პრეზენტაცია უნდა დავასრულო და…“, – თქვა მაშკაროვამ.

პოლიციის უფროსმა სიტყვა ვერ დაასრულა და გონება დაკარგა. ახლოს მდგომმა ადამიანებმა, მათ შორის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგი დაიჭირეს და იატაკზე ფრთხილად დააწვინეს. შემდეგ მაუწყებლობა შეწყდა.

მცირე შესვენების შემდეგ პრესკონფერენციის ტრანსლაცია განახლდა. სანამ სხვა მომხსენებლები გამოდიოდნენ, მაშკაროვა სკამზე იჯდა. როდესაც ყველა გამოსვლა დასრულდა, ის ტრიბუნასთან მივიდა და სიტყვა წარმოთქვა.

„მინდოდა ყველასთვის მეთქვა, რომ კარგად ვარ. ხედავთ, ეს იმდენად სერიოზული თემაა, რომ მან მოახერხა ჩემი დამარცხება“, – ხუმრობდა პოლიციის უფროსი.

მანვე დასძინა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი შესაძლოა ცვალებადი ამინდის გამო დაბალი არტერიული წნევა ყოფილიყო.

მასკაროვამ სლოვაკეთის პოლიციის უფროსის თანამდებობა იანვარში დაიკავა და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები