ალიევი: აზერბაიჯანი ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს ომისთვის
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყანა ნებისმიერ მომენტში უნდა იყოს მზად ომისთვის, რადგან მსოფლიოში პროცესების მსვლელობა ისეთია, რომ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, რა მოხდება ხვალ.
ალიევმა აზერბაიჯანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ არ გვინდა ომი, გვინდა მშვიდობა. თუმცა ეს სისხლიანი ისტორია არასდროს უნდა წაიშალოს ჩვენი მეხსიერებიდან, არ უნდა ვიხელმძღვანელოთ ტკბილი სიტყვებით, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. რა თქმა უნდა, ჩვენი შეიარაღებული ძალები ყოველ წუთს დგანან ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე.
ჩვენ ვაკვირდებით, ვხედავთ და დავინახავთ საფრთხის შესაძლო წყაროებს. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს სამხედრო ძალას. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ჩვენი ძალების განვითარებასთან დაკავშირებით, გავზარდეთ ჩვენი სპეცრაზმის რაოდენობა ათასობით მებრძოლით. ჩვენს ქვეყანას მიეწოდება ყველაზე თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატები, ახალი საარტილერიო სისტემები. ხელი მოეწერა კონტრაქტებს ახალი საბრძოლო თვითმფრინავების შესაძენად, ხოლო არსებული მთლიანად მოდერნიზებულია. ჩვენ ნებისმიერ მომენტში მზად უნდა ვიყოთ ომისთვის, რადგან მსოფლიოში პროცესების მსვლელობა ისეთია, რომ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება ხვალ. ჩვენი უსაფრთხოების გარანტი ვართ ჩვენ თავად, ჩვენი სახელმწიფო, ხალხი და ჩვენი შეიარაღებული ძალები.
ამიტომ, თუ ვინმეს თავში მოუვა აზრად, აზერბაიჯანის წინააღმდეგ რაიმე სახის პროვოკაცია მოაწყოს, ვფიქრობ, ის ინანებს. ჩვენ კი ამიერიდან ვიცხოვრებთ როგორც გამარჯვებული ერი და გამარჯვებული სახელმწიფო“, – განაცხადა ალიევმა.