ანა ურუშაძე, ლოს-ანჯელესში, „ოსკარის“ კამპანიის ფარგლებში გამართულ კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

„ოსკარის“ კამპანიის ფარგლებში გამართულ კინოფესტივალზე – Asian World Film Festival ანა ურუშაძე დააჯილდოვეს ფილმისთვის „საშიში დედა“.  მას  საუკეთესო ახალი რეჟისორის ჯილდო გადაეცა.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, Asian World Film Festival უკვე რამდენიმე წელია ლოს- ანჯელესში იმართება და იგი სხვადასხვა ქვეყნიდან „ოსკარის“ კანდიდატ ფილმებს მასპინძლობს.
ანა ურუშაძის „საშიში დედა” წელს საქართველოს კანდიდატი ფილმია „ოსკარზე“.
ახალგაზრდა რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარს უკვე წარმატებული საფესტივალო კარიერა აქვს. „საშიში დედა” ლოკარნოს 70-ე საიუბილეო კინოფესტივალზე „ოქროს ლეოპარდის” მფლობელი გახდა, როგორც საუკეთესო სადებიუტო ნამუშევარი, მალევე კი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი გადაეცა.
„საშიში დედა” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველოს (სტუდიები „არტიზმი” და „ჯემინი”) და ესტონეთის (სტუდია „Allfilms”) კოპროდუქციაა. მთავარ როლს კი ფილმში ნატო მურვანიძე ასრულებს.
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონიალი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებად ითვლება, 2018 წლის 4 მარტს ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება. ნომინანტთა ვინაობა კი დეკემბრის თვეში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები