„საქართველოს სინფონიეტა“ შვეიცარიიდან მოწვეულ მუსიკოსებთან ერთად კონცერტს გამართავს

4 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში კონცერტს გამართავენ: თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის ჩასაბერ საკრავთა ჯგუფი და შვეიცარიიდან მოწვეული მუსიკოსები: ჰაინც ჰოლიგერი (ჰობოი, დირიჟორი) და მარია-ლიზა შიუპბახი (ინგლისური ქარახსა).
როგორც „კვირას“ კონსერვატორიიდან აცნობეს, კონცერტზე ლ. ვან ბეთჰოვენის, ი.ჰაიდნის, კ. სტამიცისა და დემეტრე გამსახურდიას ნაწარმოებები შესრულდება.
ჰობოისტი, კომპოზიტორი და დირიჟორი ჰაინც ჰოლიგერი დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და უჩვეულო პერსონაა მუსიკალურ სფეროში. ჟენევისა და მიუნჰენის საერთაშორისო კონკურსებში პირველი ადგილის მოპოვების შემდეგ, დაიწყო მისი შეუდარებელი საერთაშორისო კარიერა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე. მისმა ინტერესმა კომპოზიციისადმი და საშემსრულებლო ტექნიკის თანამედროვე მიღწევებისადმი გაზარდა მისი ინსტრუმენტის ტექნიკური შესაძლებლობები. ჰოლიგერმა, როგორც კომპოზიტორმა, მრავალი საერთაშორისო პრიზი და აღიარება მოიპოვა. როგორც მოთხოვნადი კომპოზიტორი, მისი ნაწარმოებები გამოიცემა ექსკლუზიურად Schott Music International-ის მიერ.

მარია-ლიზა შიუპბახი ცნობილი შვეიცარიელი ჰობოისტი და ჰაინც ჰოლიგერის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა. 2008 წელს, ბავარიის რადიოს სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად დააფუძნა კამერული მუსიკის ფესტივალი „erstKlassik am Sarnersee“, სადაც მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მონაწილეობენ. მარია-ლიზა შიუპბახი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ორკესტრებთან, როგორიც არის ბერლინის და ვენის ფილარმონიული ორკესტრები, ასევე გახლავთ ლიუცერნის საფესტივალო ორკესტრის წევრი. უნდა აღინიშნოს, რომ მარია-ლიზა შიუპბახი აგრეთვე აღიარებულია, როგორც ინგლისურ ქარახსაზე ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი.

კონცერტი გერმანელი მეცენატისა და ბიზნესმენის კლაუს ჰიპის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

კონცერტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი კი გიორგი ქობულაშვილია.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები