ედუარდ კურტისი და ევდოკია კოჟევნიკოვა – მიწიერი და საკრალური სამყარო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, სვანეთის მუზეუმი ედუარდ კურტისისა და ევდოკია (დინა) კოჟევნიკოვას ნამუშევრების გამოფენას „მიწიერი და საკრალური სამყარო” მასპინძლობს.

გამოფენაზე წარმოდგენილი ედუარდ კურტისის ფოტოები ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელების ასი წლის წინანდელი ყოფა-ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. დინა კოჟევნიკოვას ფოტოები კი ზემო სვანეთის სოფლების ცხოვრებას ასახავს XX საუკუნის 30-იან წლებში. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა, გაეცნოს და შეადაროს ამ ორი უძველესი კულტურის მქონე ხალხის ეთნოკულტურული მემკვიდრეობა.

ედუარდ შერიფ კურტისი (1868-1952) ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ყოფისა და კულტურის ყველაზე ცნობილი მკვლევარია. 1900-1930 წლებში კურტისმა იმოგზაურა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, შეისწავლა ამერიკელი ინდიელების 80-ზე მეტი ტომის ცხოვრება, გადაიღო ფოტოები და შეაგროვა ვრცელი ეთნოგრაფიული მასალა.

1927 წელს, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ეთნოგრაფი ევდოკია (დინა) კოჟევნიკოვა (1905-1975) თავისი მასწავლებლის – ნიკო მარის რჩევით პირველად ეწვია სვანეთს. სვანეთში ხანგრძლივად ცხოვრების შედეგად, კოჟევნიკოვამ უნიკალური ეთნოგრაფიული მასალა შეაგროვა სვანეთის ყოფის, კულტურისა და სარიტუალო წეს-ჩვეულებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მისი ფოტოარქივი პირველად ქვეყნდება.

პროექტის თანაორგანიზატორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკა, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტი და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი.

გამოფენა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, 15:00 საათზე სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუში გაიხსნება და 2018 წლის 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

მუზეუმი, ორშაბათის გარდა, ყოველდღე 10:00საათიდან 18:00 საათის ჩათვლით იმუშავებს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები