„Holiday Inn” – ში, საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის პრინციპის დანერგვის შესახებ იმსჯელეს

სასტუმრო „Holiday Inn” – ში, საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის პრინციპის დანერგვის შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში შომბი შარპმა მიმართეს.

შეხვედრის მონაწილებმა მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის მოდელებსა და განვითარებულ ქვეყნებში საკანონმდებლო პრაქტიკაზე, საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და ნარჩენების მართვის ახალ კოდექსზე იმსჯელეს, რომელიც ძალაში შედის 2019 წლის 1 დეკემბრიდან.

შეხვედრა  არასამთავრობო   ორგანიზაციის „Georgia’s Environmental Outlook” – GEO, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის ინიციატივით და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გაიმართა.

ნარჩენების მართვის კოდექსი რიგ ახალ ვალდებულებებს აკისრებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ (მგვ) პრინციპის დანერგვა საქართველოში. კერძოდ, კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ისეთი პროდუქტის უშუალო მწარმოებლები და ბაზარზე განმათავსებლები, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, 2019 წლის დეკემბრიდან ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი  სპეციფიკური ნარჩენის გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება და ასეთი ნარჩენების აღდგენა/განთავსება.

აღნიშნული პრინციპი სრულიად ახალია საქართველოსთვის. მისი დანერგვა მოითხოვს არა მარტო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას, არამედ ცნობიერების ამაღლებას სახელწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორში.

შეხვედრას  საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს კომპანიების, ასოციაციებისა და სავაჭრო პალატების 70-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები