ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამის პრეზენტაციის მიზნით, პრესკონფერენცია გაიმართება

დღეს, 14:00 სთ-ზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება პრესკონფერენცია ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამის პრეზენტაციის მიზნით.
პრესკონფერენციას გაუძღვებიან: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ბადრი მაისურაძე, ბერლინის შტაატსოპერის საერთაშორისო საოპერო სტუდიის ხელმძღვანელი – ბორის ანიფანტაკისი, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი – ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი, თბილისის ოპერის თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – რუსუდან მაცაბერიძე.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი იწყებს ახალ პროექტს – ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა. ახალგაზრდა მომღერლების დახელოვნების, უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით, პროექტის ფარგლებში იგეგმება გაცვლითი პროგრამები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან თეატრებთან: ნიუ – იორკის Metropolitan Opera, Lindemann Young Artist Development Program, ლოს – ანჯელესის ოპერა – Placido Domingo – Thornton Young Artist Program, მიუნჰენის ოპერა – Bayerisce Staatsoper Opera Studio, ლონდონის სამეფო ოპერის თეატრი – The Jette Parker Young Artists Programme, პარიზის Opera de Bastille-ს აკადემია, მილანის Accademia Teatro alla Scala, პარმის Teatro Regio-ს ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა, ვენის Theater an der Wien-ის ახალგაზრდა შემსრულებელთა სტუდია.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველი გაცვლითი პროგრამა ხორციელდება ბერლინის შტაატსოპერასთან ერთად. Staatsoper Unter den Linden-ის საოპერო სტუდიის ხელმძღვანელია – ბორის ანიფანტაკისი. საოპერო სტუდიის შემოქმედებითი ნაწილის ხელმძღვანელი – მაესტრო დანიელ ბარენბოიმი.
პროექტის პირველი ეტაპი ჩატარდება ამა წლის 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე და მასში მონაწილეობას მიიღებენ Staatsoper Unter den Linden-ის საერთაშორისო საოპერო სტუდიის 4 მომღერალი და კონცერტმაისტერ-რეპეტიტორი: სლავკა ზამეჩნიკოვა (სოპრანო), კლარა კორინა შიურლე (მეცო-სოპრანო), ანდრეს მორენო გარსია (ტენორი),ადამ კუტნი (ბარიტონი), მარკუს ცუგეჰოერი (კონცერტმაისტერი-რეპეტიტორი) და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის 6 სტაჟიორი და კონცერტმაისტერი: ირინა შერაზადიშვილი (სოპრანო), ნინო ზაქაიძე (მეცო-სოპრანო), პაატა სუხიტაშვილი (ტენორი), გიორგი ცინცაძე (ტენორი), გიორგი მჭედლიშვილი (ბარიტონი), გიორგი ჭელიძე (ბანი) და ნათია აზარაშვილი (კონცერტმაისტერი).
პირველ მასტერკლასს 1 ნოემბერს კონცერტმაისტერ-რეპეტიტორი მარკუს ცუგეჰოერი გამართავს. 3 ნოემბერს, 15:00 საათზე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბადრი მაისურაძე ჩაატარებს მასტერკლასს პროექტში მონაწილე ახალგაზრდა მომღერლებისთვის, ხოლო ერთობლივი კონცერტი ჩატარდება 2 ნოემბერს, 16:00 საათზე, თბილისის ოპერის თეატრის მთავარ დარბაზში. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
ამავე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 27 ივნისს, დაგეგმილია ერთობლივი კონცერტი Staatsoper Unter den Linden-ის საკონცერტო დარბაზში Apollo – Saal. 28 ივნისს მომღერლებს მასტერ-კლასს ჩაუტარებს ცნობილი ამერიკელი საოპერო მომღერალი დებორა პოლასკი.
ბერლინის შტაატსოპერასთან გაცვლითი პროგრამა ხორციელდება საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები