უკრაინის შს მინისტრის შვილი დააკავეს
უკრაინის შს მინისტრის ექს მრჩევლის ილია კივას განცხადებით, არსენ ავაკოვის ვაჟი ალექსანდრე ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დააკავეს.
როგორც კივამ ტელეკომპანია „112 უკრაინას“ ეთერში განაცხადა, ის კონტაქტზეა შს მინისტრის ოჯახთან.
„ახლა დასრულდა ჩხრეკა. ვიცი, რომ მისი შვილი ალექსანდრე სასამართლოში უნდა გადაიყვანონ. სურთ რომ მას თავისუფლება აღუკვეთონ, რათა მინისტრით მანიპულირება მოახდინონ და ჰქონდეთ საშუალება მის გადაწყვეტილებებზე გავლენა იქონიონ.
ალექსანდრე დააკავეს. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ჩხრეკა უშედეგო იყო, ამიტომ ამოღებული იქნა ტელეფონები და პლანშეტები. ეს 100%-ით ვიცი, რადგან პირდაპირ კავშირზე ვარ”, – განაცხადა კივამ.
განხორციელებული ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია თავად მინისტრმა ავაკოვმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა.
როგორც ირკვევა ანტიკორუფციული ბიურო ატარებს ჩხრეკებს იმ საქმის ფარგლებში, რომელიც უკრაინის შს სამინისტროში, 2014-15 წლებში, სახელმწიფო სახსრების შესაძლო გაფლანგვას უკავშირდება.