კახელ ფერმერს სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაურდა

სიღნაღის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის“ მენეჯერი ლევან მაღრაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” წარმომადგენელი ვახტანგ ებიტაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ გოგიტა ნანობაშვილს შეხვდნენ და სეტყვის შედეგად განადგურებული ნესვის ნაკვეთი დაათვალიერეს.
სოფელ ვაქირის მკვიდრს, გოგიტა ნანობაშვილს სეტყვის შედეგად,  მოსავლის 80% დაუზიანდა. სადაზღვევო კომპანია “ალდაგმა” აღნიშნულ ბენეფიციარს 14 000 ლარი აუნაზღაურა.
ბენეფიციარის მიერ სადაზღვევო პოლისის შესაძენად გადახდილმა თანხამ 630 ლარი შეადგინა, ხოლო სააგენტოს სუბსიდიამ 1470 ლარი.
2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში, გაცემულია 19 501 პოლისი, პროგრამაში ჩართულია 14 293 ბენეფიციარი, სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 6 964 337 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 19 926 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება, ჯამში, 132 314 231 ლარია. ქარიშხლის, წყალდიდობის და სეტყვის შედეგად, 3 021 სადაზღვევო შემთხვევა დადგა, ასანაზღაურებელი თანხა, პირველადი შეფასებით, 3 842 188 ლარს შეადგენს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის შეფასება და თანხის ჩარიცხვა.
სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს  წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის დამატებითი ბიძგი მისცა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აწარმოე საქართველო – ბიზნესის ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები