ამირან სალუქვაძე: იცით რა ღირს ჯარისკაცის სიკვდილი?
ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე სოციალური ქსელით ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი 33 წლის პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების და საზღვართან იარაღის გასროლის შედეგად 19 წლის გარდაცვლილი ჯარისკაცის ფაქტს გამოეხმაურა. მან ორივე გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. “კვირა” ამირან სალუქვაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“იცით რა ღირს ჯარისკაცის სიკვდილი?
3 წუთიანი სიუჟეტი, 15-წამიანი კომენტარი.
პატრულის ხელში გარდაცვლილის საკითხს 3 დღე განიხილავდნენ თოქ-შოუებში და საინფორმაციოების მთავარი თემა იყო.
ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ის გარდაცვლილი ახალგაზრდა არ მადარდებდეს. ყოველ შემთხვევაში, იმათზე ნაკლებად არ მადარდებს, ვინც ჩემზე ხმამაღლა ყვიროდა.
ისიც უფალმა დამიფაროს შსს-ს ვიცავდე ან ერთ ან მეორე საკითხში. თვითონ გააკეთებენ კომენტარს და ახსნიან საკუთარ პოზიციას.
მე კი ორთავე თემაზე რამდენიმე მოსაზრებას გამოვთქვამ, რადგან ერთ საკითხზე სულ რაღაც 15 წმ მომეცა, მეორეზე კი პოლიციის ან უსაფრთხოების სპეციალისტებს არ იწვევენ.
პატრულის თემით დავიწყებ. რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გამოქვეყნდეს და ყველა ნიუანსი უნდა იქნას გამოძიებული.
რომ მოგვეცადა ძიების დასრულებამდე, გარდაცვლილის დაკრძალვამდე, არ აჯობებდა? ამ ხმაურით ახლობლებს ნუგეში მივეცით?
დღეს “ფრესკოსთან” ინციდენტი იყო. გამოიძახეს პატრული. მოვიდა ორი ახალგაზრდა ოფიცერი, მშვიდად დაიწყეს გარკვევა. არავინ დაუგდიათ მიწაზე, არც ბორკილები გამოუყენებიათ. არავინ ეწინააღმდეგებოდა.
რატომ უნდა ვიფიქრო, რომ იქ მივარდნენ, არავინ იყო დასაკავებელი და ბორკილები გამოიყენეს?
არის კითხვები, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს დაკავება, რომლის დროსაც გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი?
ერთი ამბის 3 წუთს გრძელდებოდაო, მეორემ 2-3-ჯერ უთხრა ცუდად ვარო. თუ ასე იყო, 3 წთ არ იქნებოდა ხომ? ისიც ფაქტია, რომ დროის შეგრძნება ყველას სხვადასხვა აქვს.
კითხვები არის შსს-ს განცხადებასთან დაკავშირებით. არ იყო საჭირო ნასვამობის მითითება ალბათ, ექსპერტიზის გარეშე. ეს იურისტებმა უკეთ იციან. თუმცა, სრული უფლება ჰქონდათ დაეწერათ, რომ პირი წინააღმდეგობას უწევდა.
უწევდა თუ არა უნდა დაამტკიცონ და ალბათ წარმოადგენენ მასალებს.
კიდევ რა კითხვა შეიძლება იყოს, გამოიძახა თუ არა პატრულმა სასწრაფო? როგორც ირკვევა პატრულის ზარი უფრო ადრე ფიქსირდება, ვიდრე მოქალაქის, რომელმაც ასევე დარეკა.
ამ სიტუაციას პატრულის (პოლიციელის) პოზიციიდან შევხედოთ. მოვიდა შემთხვევის ადგილას, არ ემორჩილება პირი, რა ქნას, წნევა გაუზომოს, თუ ბორკილები დაადოს. ამას ირონიით არ ვწერ, სრული პასუხისმგებლობით ვკითხულობ.
შემდეგი კითხვა, ვინ შეამჩნია პირველად, რომ მართლა ცუდად იყო, პატრულმა თუ სხვამ? ესეც ნიუანსია.
კიდევ ერთი ნიუანსი, ვინმე ფიქრობს იმ პოლიციელზე, რომელსაც ხელებში კაცი ჩააკვდა? თუ კაციჭამიები გგონიათ?
გუშინ ეს ტრაგედია შეადარეს გირგვლიანის შემთხვევას. არ ვიცი რა კომენტარი უნდა გაკეთდეს. გარდაცვლილს ცემის და წამების კვალი ამჩნევია?
პატრულის გადამზადებაზე საუბრობდნენ გუშინ. ალბათ საჭიროა, რადგან ძირითადში, იგივე პოლიციელები დარჩნენ, რომლებსაც ამზადებდნენ სხვა ამოცანებისთვის. ნულოვან ტოლერანტობას ვგულისხმობ.
ახლა ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, მეზობლების მისამართით. კარგო ადამიანებო, თუ არავინ არაფერს აშავებდა, თუ დასაკავებელი და დასამშვიდებელი არავინ იყო, პატრული რატომ გამოიძახეთ?
რა გაგიჭირდათ სამეზობლოში ისეთი, რომ ერთი ან ორი ადამიანი ვერ დაამშვიდეთ. და თუ ისეთი ვითარება იყო, რომ თქვენ ვერ უმკლავდებოდით და ვინმეს იზოლირება იყო საჭირო, მაშინ გამოდით და თქვით.
გარდაცვლილის მეზობლებო, განსაკუთრებით მივმართავ ვინც სიუჟეტებში თქვა მე გამოვიძახე პატრულიო, თქვენ გრძნობთ პასუხისმგებლობას, არ გაქვთ სინდისის ქენჯნა?
ეს პოსტი არაა გამიზნული უწყების დასაცავად. პრობლემები რომ არის უწყებაში, ფაქტია და ცალკე სასაუბრო თემაა.
ყველასთან ერთად ველი გამოძიების შედეგებს.
ახლა რაც შეეხება გარდაცვლილ ჯარისკაცს.
მთელი ინტერესი იყო გარდაცვალების გარემოებები შეიცავდა თუ არა სკანდალს. სასკანდალო არ აღმოჩნდა. შესაბამისად 3-წუთიანი სიუჟეტით საინფორმაციო ველი შევავსეთ.
თანაბრად დასანანია როგორც 33 წლის ახალგაზრდა, არ აქვს მნიშვნელობა თრობის ქვეშ იყო, თუ ფხიზელი (ისე, ფეხბურთელები კვდებიან პირდაპირ მოედანზე და სიკვდილის მიზეზიც ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს), ასევე 19 წლის ჯარისკაცი, რომელიც ასრულებდა სამსახურს.
ორთავე გარდაცვლილის ახლობლების მწუხარებას ვიზიარებ. ალბათ ყველას წარმოუდგენია რა ტრაგედიაც ტრიალებს მათ ოჯახებში.
რამდენიმე აბზაცით ჯარისკაცის გარდაცვალებასაც შევეხები.
პირველ რიგში ზოგიერთ ექსპერტს ვეტყვი, რომ ნუ ხართ ჩასაფრებული ფორმიან ხალხთან მიმართებაში. რა მნიშვნელობა აქვს ვადიანი მოსამსახურე საოკუპაციო ზოლთან იდგა თუ საკოლმეურნეო ბაზართან? საბრძოლო შეტაკება იყო და მაგ მიზეზით მოხდა შემთხვევა?
გასაგებია, რომ ე.წ. “კონტრაქტნიკები” სჯობს მაგ მონაკვეთზე, მაგრამ ამ ტრაგედიასთან შეხება არ აქვს. თუ დაუდევრობას ან რაიმე გადაცდომას ჰქონდა ადგილი, ეს შესაძლოა სხვა რეგიონშიც მოხდეს.
სხვათა შორის იარაღით დაუდევრობა ან სხვა ფაქტები ოფიცრებსაც მოსვლიათ.
ამიტომ გასარკვევია რა მოხდა და უნდა დაველოდოთ გამოძიებას. თუმცა, ამ ტრაგედიის გამოძიების მიმართ, როგორც ვატყობ, ნაკლები ინტერესია.
და ბოლოს.
ისრაელის მაგალითი ყველას მოჰყავს, როგორც წარმატების მაგალითი. ჰოდა მაშინ გავითავისოთ იგივე დამოკიდებულება ჯარისკაცთა მიმართ.
რა და როგორ მოხდა, გაირკვევა და ჩემს დამოკიდებულებას არ შეცვლის, თუნდაც მისი ბრალიც რომ აღმოჩნდეს.
ჩემთვის ჯარისკაცი გარდაიცვალა! ის საოკუპაციო ზოლთან იდგა და საბრძოლო დავალებას ასრულებდა!
მედია რომ მებაროს, ერთ ლამაზ და ვრცელ სიუჟეტს მივუძღვნიდი მის სამსახურს და ოჯახს. ნორმალური გადაცემებიც არ გვაქვს სამხედრო და პატრიოტულ თემებზე.
ქვეტექსტები თქვენით ამოიკითხეთ”,-წერს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე.