მარიამ ხორავას პერსონალური გამოფენა – „პროფილის ძიებაში“ გაიხსნება

1 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით, „არტ გალერეა ვაკე“ მარიამ ხორავას პერსონალურ გამოფენას – „პროფილის ძიებაში“ უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ახალგაზრდა მხატვრის, მარიამ ხორავას შთაგონება სწორედ ადამიანის სახეზე ასახული შინაგანი განცდებია. პორტრეტი, როგორც მრავალფეროვანი ადამიანური ემოციების, ფიქრის, აზროვნების თავმოყრის ან გაფანტულობის ადგილი…
„პროფილის ძიებაში“ – ნახატების სერია ჯერ კიდევ ბავშვობაში შექმნილ რამდენიმე ნამუშევარს მოიცავს და ქართველი პუბლიკის წინაშე წარმოადგენს მარიამ ხორავას მიერ, შემოქმედებითი ძიების დროს, საკუთარ თავში აღმოჩენილ ემოციურ სამყაროს. ამიტომაც ნახატებში მკაფიოდ ჩანს ახალგაზრდა მხატვრის ავტოპორტრეტული შტრიხები.
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი მარიამ ხორავა გზის დასაწყისშია და განცდებით სავსე, ხელოვნების უკიდეგანო სამყაროში მოგზაურობისთვის ემზადება. მის პირველ პერსონალურ გამოფენაზე კი წარმოდგენილია ემოციათა ობიექტური აღქმითა და სუბიექტური განცდებით შექმნილი პორტრეტების სერია, სადაც დამთვალიერებელმა შესაძლოა, თავისი საკუთარი ემოციაც იპოვოს და გამოფენით შექმნილი შთაბეჭდილებაც თან გაიყოლოს.
გამოფენის ორგანიზატორია ფონდი „ევროარტი“, რომელსაც ჰოლანდიაში მცხოვრები ემიგრანტი დალი უბილავა, დალი დე გრაფი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ფონდი ქართველ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად აგრძელებს საყოველთაოდ აღიარებული უმაღლესი კლასის ხელოვანების პოპულარიზაციას და რაც მთავარია, იწყებს პროექტების სერიას ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანების სტიმულირებისთვის, მათი პროფესიული ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად.
„მარიამ ხორავას ეს სოლო გამოფენებიც ჯერ თბილისში და შემდეგ ბერლინში, ფონდის საქმიანობის ამ მიმართულების პირველი პროექტია. სწორედ ამ პროექტით მინდა ყველამ ერთად გზა დავულოცოთ მარიამს გრძელ, რთულ და საინტერესო გზაზე. მჯერა რომ ის არაერთხელ გაგვახარებს თავისი შრომისმოყვარეობით მიღწეული წარმატებებით!“ – აცხადებს დალი უბილავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები