„ვერ ვხვდები, როგორ უნდა დაუპირისპირდე ადამიანი ამ ბარბაროსობას?“

პოეტი და აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ  მთარგმნელის, პროფესორისა და უნივერსიტეტის უცხო ენათა კათედრის დამაარსებლის ერეკლე ტატიშვილის საფლავი დაულეწავთ, მიუგრევ-მოუნგრევიათ. მისივე თქმით, „ვერ შეიქმნა კულტურული მემკვიდრეობის ტრადიცია და ,,სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული” – ჩლუნგების, ხარბების, იდიოტების ყიჟინა“…
„ახლა მეგობრის გვერდზე ვნახე ერეკლე ტატიშვილის საფლავის ფოტოები. საფლავი დაულეწავთ ბარბაროსულად და მიუნგრევ-მოუნგრევიათ. არ ვიცი, ვის დასჭირდა ამისი გაკეთება? ალბათ, ვიღაცას ადგილის უთავისუფლებენ. სწორედ ეს არის დღევანდელი ქართლის ჭირი, რომ არავის აღარაფერი გვახსოვს, ვერ შეიქმნა კულტურული მემკვიდრეობის ტრადიცია და ,,სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული” – ჩლუნგების, ხარბების, იდიოტების ყიჟინა…
არადა, ერეკლე ტატიშვილმა შექმნა ევროპეიზმის ახალი ტრადიცია საქართველოში – საფუძველი ჩაუყარა უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტს, სადაც სამივე ძირითად ენას – ინგლისურს, გერმანულსა და ფრანგულს – დიდი ხნის განმავლობაში თვითონვე ასწავლიდა. ნიცშე რომ თარგმნა, ალბათ, ბევრმა ეგეც არ იცის და, რა თქმა უნდა, ის საიდანღა ეცოდინება, რომ ტატიშვილისეული ,,ესე იტყოდა ზარატუსტრა” ქართული მთარგმნელობითი ხელოვნების ნამდვილი შედევრია!
მე ვერ ვხვდები, როგორ უნდა დაუპირისპირდე ადამიანი ამ ბარბაროსობას? ვგრძნობ საკუთარ უღონობას და ვერაფერს ვხდები. ფეისბუქზე კლავიატურის რაკუნიც უკვე ყელში ამომივიდა, მართალი რომ ვთქვა… ნახირს სჭირდება სახრე და მწყემსი: ,,გიჩო, შენი პატრონი დედა კი მოვტყან! ” და არა – ,,ესე იტყოდა ზარატუსტრა!” – წერს გიორგი ლობჟანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები