წიგნის – „საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების“ წარდგინება გაიმართება

26 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის, როლანდ თოფჩიშვილის წიგნის – „საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების“ წარდგინება. წიგნი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოიცა.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, მონოგრაფიაში შესწავლილია საქართველოს ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე, მათ შორის ამჟამად სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში მოქცეული მხარეებიც. წარმოჩენილია ამ მხარეებისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული თავისებურებანი და სამეურნეო-ეკონომიკური და კულტურული კავშირები, რაც მათ ერთმანეთს შორის გააჩნდათ. ნაჩვენებია, რომ ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები ქართველებს კი არ თიშავდა ერთმანეთისაგან, არამედ, პირიქით, ერის კონსოლიდაციას უწყობდა ხელს. წიგნში საუბარია აგრეთვე ჭანეთზე/ლაზეთზე, ფერეიდნელ ქართველებზე, თბილისზე, რომელიც თავისებური და ორიგინალური ყოფითა და ტრადიციებით გამოირჩეოდა. გამოყოფილია ხუთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული არე/ოლქი. ბოლო თავში საუბარია ქართული კულტურის ადგილზე მსოფლიო კულტურულ სივრცეში.
წიგნის რედაქტორები არიან: ნათია ჯალაბაძე, თეიმურაზ გვიმრაძე, გიორგი ჭეიშვილი; რეცენზენტები – სალომე ბახია-ოქრუაშვილი და მირიან ხოსიტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები