ქართველი პიანისტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიწვიეს
ქართველი პიანისტის, სანდრო გეგეჭკორის კიდევ ერთი წარმატება – ზ.ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლე სანდრო გეგეჭკორი (პროფესორი ალექსანდრე გარბერის კლასი) მარტში სოლო კონცერტს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. როგორც თავად მუსიკოსმა „კვირას“ განუცხადა, კონცერტს დეტროიტი, მიჩიგანის შტატი (აშშ), ევოლას გრანდიოზული დარბაზი უმასპინძლებს.
კონცერტი სანდროს სოლო რეპერტუარით გაიხსნება, სადაც შესრულდება შოპენის, ლისტის და რახმანინოვის ნაწარმოებები. მეორე ნაწილში კი ქართველი მუსიკოსი შეასრულებს მოცარტის მე-20 საფორტეპიანო კონცერტს დეტროიტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ასევე სანდრო გეგეჭკორს მასტერკლასებს ჩაუტარებენ ისეთი გრანდიოზული მუსიკოსები, როგორიც არიან: მაიკლ ლუვინი (ბერკლის კოლეჯის დირექტორი), სტივენ ვაგლიცა (სკოლა „ვირტუოზების“ დირექტორი).
როგორც თავად პიანისტი აცხადებს, მოწვევა სწორედ „ფოირიხის“ პიანისტთა საერთოშორისო კონკურსიდან მიიღო, რომელიც ივლისში ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩატარდა, სადაც ახალგაზრდა შემსრულებელმა გრან-პრი და რამდენიმე სპეციალური პრიზი მიიღო.
ამის შემდეგ მან არაერთ ფესტივალში მიიღო სოლო პროგრამით მონაწილეობა, როგორიცაა: „Klassiek op het amstelveld” (ამსტერდამი), „S.Rachmaninoff international classical music festival ivanovka” (ივანოვკა, ტამბოვი)
ამერიკის ტურნესთვის მზადება სანდრომ უკვე დაიწყო. ის ასევე ემზადება რამდენიმე საერთაშორისო კონკურსისთვის.