ზესტაფონში „ზესტაფონობის“ დღესასწაული და „ღვინის ფესტივალი“ აღნიშნეს (ფოტოკოლაჟი)
ზესტაფონში „ზესტაფონობის“ დღესასწაული და „ღვინის ფესტივალი“ გაიმართა. მასობრივი კულტურული და სახალხო ღონისძიებების აღნიშვნა 14:00 საათიდან დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე (სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორია) მოეწყო სპეციალური დეკორაციები, წარმოადგინეს იმერული სამზარეულო, გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა, ჩატარდა ღვინის ტრადიციული ფესტივალი, რომელიც იმერული ღვინის პოპულარიზაციას და ღვინის მწარმოებელთა გამოვლენას ემსახურებოდა.
ფესტივალის ფარგლებში, გამოვლინდა საუკეთესო ღვინის მწარმოებელი – ზვიად ხუსკივაძე, რომელმაც ფულადი პრიზი აიღო. საიუბილეო დღეების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები: ციცო ჩინჩალაძე, ლია ფცქიალაძე, გიორგი ბურჯანაძე, ანზორ სალაძე, ბეჟან წაქაძე, ანზორ ბიწაძე. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატმა, კახაბერ მახათაძემ.
,,მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ზესტაფონელებო! გილოცავთ “ზესტაფონობის” დღესასწაულს. მიხარია, რომ ამ დღეს მე თქვენს გვერდით ვარ და ერთად ვზეიმობთ, რადგან მეც ამ კუთხის შვილი ვარ! იყო ზესტაფონელი- ბედნიერებაა, იყო იმ ქალაქის მკვიდრი, სადაც დაიბადა უშანგი ჩხეიძე, სერგო ზაქარიაძე, ვარინკა წერეთელი და ბევრი სხვა გამოჩენილი მოღვაწე. მე მინდა, ზესტაფონს ვუსურვო კიდევ უფრო მეტი კულტურული და ეკონომიკური აღმავლობა. მე, კახაბერ მახათაძე, მზად ვარ, ჩემი წვლილი შევიტანო ზესტაფონის აღორძინებაში. მთელ ჩემს რესურს გამოვიყენებ იმისათვის, რომ შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები და მოგვარდეს რაიონში არსებული ეკოლოგიური პრობლემები, კიდევ უფრო განვითარდეს ქალაქის ინფრასტრუქტურა.
მე კარგად ვხედავ და ვიცი, რა აწუხებს ქალაქს, ამიტომ, ჩემო ძვირფასო ზესტაფონელებო, მე ყოველთვის მზად ვიქნები, მოვისმინო თითოეული თქვენგანის პრობლემები და თქვენთან ერთად, გავხადო ქალაქი უფრო უკეთესი. მოგეხსენებათ, რომ მალე თვითმმართველობის არჩევნებია. 21 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა. „ქართული ოცნების გამარჯვება თითოეული მოქალაქის გამარჯვებას ნიშნავს!“, – განაცხადა კახაბერ მახათაძემ.