კასპში „კასპობა – 2017“ გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტში „კასპობა – 2017“ გაიმართა.
ქალაქის ცენტრი – სააკაძის მოედანი და კულტურის ცენტრი სადღესასწაულოდ, შემოდგომის ფერებით იყო მორთული. უამრავი სტუმარი და მასპინძელი ათვალიერებდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ მოწყობილ კუთხეებს, მოქმედი მეწარმეების პროდუქციის, თექის, ნახატების, თოჯინების და სხვა უამრავი ხელნაკეთი ნივთების გამოფენას.
„მაყურებელი გაამხიარულა ფაეტონის, მეარღნეს გამოჩენამ. უკრავდა მედუდუკეთა დასტა, მღეროდნენ და ცეკვავდნენ ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები. ქალაქს სტუმრობდნენ და მათთვის იმღერეს ცნობილმა კომპოზიტორმა, ვაჟა დურგლიშვილმა, საქართველოს სახალხო არტისტმა, მომღერალმა ნუგზარ წიკლაურმა.
საბავშვო ატრაქციონებმა და მულტფილმების გმირებმა განსაკუთრებით პატარები გაამხიარულა.
სახალხო დღესასწაული კასპელებს მიულოცეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა, მხარის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ, გამგებელმა, გოჩა გოჩიტაშვილმა და სხვებმა. რეგიონის და კასპის ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემეორიალი და პატივი მიაგეს სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს.
ღონისძიების მსვლელობის დროს, მუნიციპალიტეტმა გასული სასწავლო წლის ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს წარმატებები მიულოცეს, გაიხსნა სოფელ ქვემო ჭალის მამაკაცთა ფოლკლორულ ანსამბლ „ქართლის“ ვარსკვლავი. გვიან ღამემდე უკრავდა მუსიკალური ბენდი, რომელიც ფეიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებას უძღვებოდა ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე“, -აღნიშნულია კასპის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.