პირველად საბავშვო ონლაინუნივერსიტეტის პრეზენტაცია გოეთეს ინსტიტუტში  გაიმართება 

 15 ოქტომბერს, 13:00 საათზე, გაიმართება საბავშვო ონლაინუნივერსიტეტის პრეზენტაცია, რომელიც ამიერიდან უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი  გერმანულ და ქართულ ენებზე.
როგორც „კვირას“ გოეთეს ინსტიტუტიდან აცნობეს, ონლაინუნივერსიტეტის პრეზენტაცია საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში,  მოხდება. ბავშვებისთვის ამ საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტის პრეზენტაციას ოფიციალურად გახსნის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საშა ფაბრი. ღონისძიებას დაესწრებიან გერმანიის საელჩოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით  პირველად შეიქმნა  ეს საბავშვო ონლაინუნივერსიტეტი, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის, გარდა იმისა, რომ დიდი საჩუქარია, შემეცნებით-საგანმანათლებლო მიმართულებით დამატებითი ინსტრუმენტი გახდება.
ვებგვერდზე განთავსებული ეს ონლაინუნივერსიტეტი სტრუქტურულად ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ უნივერსიტეტს, რომელიც სამი ფაკულტეტისგან შედგება: ადამიანი, ბუნება და  ტექნიკა. თითოეულ ფაკულტეტზე სხვადასხვა ვიდეოლექციის მოსმენაა შესაძლებელი, რომლებსაც თან ახლავს სახალისო დავალებები. ეს ვიდეომასალა აღებულია გერმანიაში სხვადასხვა თაობისთვის საყვარელი საბავშვო გადაცემიდან „Sendung mit der Maus“ („გადაცემა თაგვთან ერთად“), რომლის წამყვანი კრისტოფ ბიმანი, ონლაინუნივერისტეტის პროფესორი აინშტაინი და მისი თანაშემწე ქალბატონი სოფი შლაუ ბავშვებისთვის არაერთ საინტერესო სამეცნიერო საკითხს განიხილავენ მათთვის გასაგებ ენაზე.
რატომ გვესმის ხმაური ნიჟარის ყურზე მიდებისას? როგორ მოძრაობს მანქანა მძღოლის გარეშე? რა აქვს საერთო თვითმფრინავს და თუნუქის ქილას? როგორ მუშაობს 3D-პრინტერი? ბავშვებს უამრავი შეკითხვა აწუხებთ „როგორ“ და „რატომ“. სწორედ ამიტომ გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით საბავშვო ონლაინუნივერსიტეტი თავისი ფორმატით პირველად შეიქმნა და პირველად ამოქმედდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები