აძიკვის წმ. გიორგის ეკლესიას და სამაროვანს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება

 აძიკვის წმ. გიორგის ეკლესიასა და სამაროვანს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება, ხოლო 2018 წლიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო  კომპლექსის კვლევითსა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას გეგმავს.
აძიკვის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. გოხნარში. დარბაზული ეკლესია XI საუკუნისაა, XII ს. კი სამხრეთიდან მინაშენი გაუკეთეს.
„ეკლესია საინტერესოა ქტიტორთა ბარელიეფით და ძველი ქართული წარწერებით, რომელთაგან ერთი ყვება ვარაზბაკურ თორელის მიერ ტაძრისთვის სოფლის შეწირვის ამბავს. მეორე წარწერა კი ქტიტორთა გამოსახულებებს ახლავს თან და მათ ვინაობას განმარტავს: შოთა, გამრეკელი, ბეშქენი და ვარაზბაკური. წარწერები XII ს. პირველი ნახევრით თარიღდება.
გამორჩეულია ტაძრის ეზოში განთავსებული ამავე პერიოდის სამაროვანი, რომელიც ერთდროულადაა გამართული. სამარხის ქვების დამუშავების ერთგვარობა და გამოსახულებათა შინაარსი: მშვილდი, ისრები, კაპარჭი, ხმლის რამდენიმე სახეობა, ფარები, შუბები, ოროლი, ხელცული, ნაჯახი, შურდული, ასევე კომბალი, კავი კი იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ბრძოლაში დაღუპულ გმირთა საძმო სასაფლაოსთან. ამ მხრივ, აძიკვის სამაროვანს საქართველოში ანალოგი თითქმის არ მოეძებნება“, – განუცხადეს „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები