,,ბოლნისქალაქობა 2017″-ის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა
ბოლნისში „ბოლნისქალაქობა“ აღინიშნა. ,,ბოლნისქალაქობა 2017″-ის ფარგლებში, რომელიც საქართველოში გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლის იუბილეს ეძღვნება, არაერთი კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა. სცენაზე სამი თაობის მომღერლები იდგნენ, რომლებმაც ქართული ტრადიციული ფოლკლორი მაყურებელს კიდევ ერთხელ გააცნეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა საპატიო მოქალაქის არჩევისა და წოდების მინიჭების 13-კაციანი სათათბირო საბჭო, რომლის წევრებმაც წელს ბოლნისის საპატიო მოქალაქეები აირჩიეს. საპატიო მოქალაქის წოდება წელს მიენიჭათ: ექიმ ბუჭა არჩვაძეს; პედაგოგსა და გერმანისტს, ლაიანა ხურცილავას; ბოლნისში ბავშვთა მუსიკალური სკოლის დამაარსებელსა და პირველ დირექტორს, აწ გარდაცვლილ ევგენი რაიტენბახს; მეხაკ სარქისიანს, განათლების სფეროში გაწეული ღვაწლისთვის და ჟურნალისტს, აზერბაიჯანის პირველი არხის რედაქტორს, ისმაილ ომაროვს.
,,ბოლნისქალაქობა 2017″ ბოლნისში ჯგუფმა „REGGAEON”-მა დააგვირგვინა. სოლისტმა ლაშა ნოზაძემ და ჯგუფის განახლებულმა შემადგენლობამ მაყურებელს ცნობილი და ახალი სიმღერები წარუდგინეს.