აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, 110 ათას ჰექტრამდე ფართობია შეწამლული

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გავრცელებულია მავნებელი, სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით, 110 ათასი ჰექტრამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთები და დიდი მასივები შეიწამლა​.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, 230 ათასი ოჯახისთვის პრეპარატების გადაცემაა დაგეგმილი. თითო ოჯახს ერთი ლიტრი პრეპარატი და ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) გადაეცემა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის მუნიციპალიტეტებს უკვე გადასცა პრეპარატები. სამეგრელოს რეგიონი – 95 911; გურია -50 670; იმერეთი-38 838; აჭარა -13 000. პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ და მათი დარიგების პროცესი მიმდინარეობს. პრეპარატებთან ერთად, მოსახლეობას საინფორმაციო მასალები და მათი გამოყენების ინსტრუქციაც ურიგდება. მოსახლეობას ბუფენტრინის ჯგუფის პრეპარატები გადაეცემა, რომლებიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და ყველაზე ეფექტურია აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად.
მავნებლის გავრცელების არეალის კონტროლის მიზნით, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი მიმდინარეობს.ამ მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 351 სოფელში ფერომონები დამონტაჟდა. ინტენსიურად მუშაობს ცხელი ხაზი. 2017 წელს ცხელ ხაზზე შესულია 4100-ზე მეტი სატელეფონო შეტყობინება. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით დაიბეჭდა და გავრცელდა 700 ათასზე მეტი ბროშურა. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იმ სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით, 2016 წლის მოამზადა.
მავნებლის ძლიერი გავრცელებისთანავე, სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, შარშან, ნოემბერში, მოწვეული იყვნენ მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელთა რეკომენდაციებითაც შემუშავდა მავნებელთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები