ამირან სალუქვაძე: ახლო აღმოსავლეთს უახლოესი მრავალი წლის განმავლობაში დამშვიდება არ უწერია

ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა, კიდევ ერთი ახალი დაპირისპირების კერა გაჩნდეს – ამის შესახებ „რეზონანსი“ წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამჯერად ახალი კონფლიქტის დაწყებას ერაყის ქურთთა ავტონომიაში ორშაბათს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გამო პროგნოზირებენ, რადგან რეფერენდუმზე 93%-მა ქურთისტანის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი და სიტუაციის გამწვავებაც დაიწყო.
„ქურთთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგია ყველა მათ ირგვლივ – ერაყის ცენტრალური ხელისუფლება, თურქეთი, ირანი და სირია და სამხედრო-ეკონომიკური სანქციებით დაიმუქრნენ. ყველა ელოდება, ქურთისტანის ავტონომიის პრეზიდენტი გამოაცხადებს თუ არა დამოუკიდებლობას, რადგან პროცესების უკიდურესად გამწვავებაც აქედან დაიწყება. ერაყის გარდა ქურთების მწვავე აქტიურობის მოლოდინია თურქეთსა და სირიაშიც, სადაც ქურთებს საკმაოდ დიდი ტერიტორიები უკავიათ და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ამ სახელმწიფოებს ნავთობით მდიდარი და დიდი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე ელით“, – წერს „რეზონანსი“.
„რეზონანსთან“ ინტერვიუში ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთს უახლოესი მრავალი წლის განმავლობაში დამშვიდება არ უწერია. ერაყის შემდეგ ქურთული მოძრაობა მწვავედ გაგრძელდება როგორც თურქეთში, ისე სირიაში და ეს იქნება ურთიერთდაპირისპირების ძალიან სერიოზული საგანი სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის. მისივე თქმით, არა მარტო ერაყში, არამედ სირიაშიც, სადაც ქურთები მჭიდროდ არიან დასახლებული, ყველა ტერიტორია ნავთობით ძალიან მდიდარია და ეს ფაქტიც კიდევ უფრო მეტად ზრდის დაპირისპირების სიმწვავეს. „ქურთისტანის რეფერენდუმს ღიად მხოლოდ ისრაელი და საუდის არაბეთი მიესალმნენ, ძალიან მწვავე რეაქცია კი ჰქონდათ თურქეთს, ირანსა და სირიას და ეს გასაგებიცაა, რადგან ეს 3 სახელმწიფოა ყველაზე მეტად მჭიდროდ დასახლებული ქურთული მოსახლეობით, ჯამში 40-მილიონამდე ქურთულ მოსახლეობაზეა საუბარი. ეს რეფერენდუმი რეფერენდუმად დარჩება, ქურთები კი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. თუმცა სახელმწიფოს ჩამოყალიბება გაუჭირდებათ, რადგან იზოლაციაში არიან. მეზობელი სახელმწიფოები: ირანი, სირია თურქეთი, ამ რეფერენდუმს არ ცნობენ და ანკლავის დამოუკიდებლად არსებობაც საკმაოდ რთულია”, – ამბობს სალუქვაძე.
25 სექტემბერს რეფერენდუმის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „ემხრობით თუ არა, რომ ქურთისტანის რეგიონი და ქურთისტანის ტერიტორიები ადმინისტრაციის კონტროლს გარეთ გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო?”- რეფერენდუმში მონაწილეობა მოსახლეობის 72%-მა მიიღო, ხმის მიცემის უფლება ქურთისტანის ავტონომიაში და ასევე სადავო ტერიტორიებზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს ჰქონდათ – სულ 5 მილიონზე მეტ ამომრჩეველს. დამოუკიდებლობის იდეას მხარი 92.7%-მა დაუჭირა. ერაყის პრემიერ-მინისტრი ქურთისტანის რეგიონულ მთავრობას მიმართავს, გააუქმოს შედეგები და დათანხმდეს დიალოგს. ერაყის პარლამენტმა კი პრემიერ ჰაიდერ ალ-აბადის სამხედრო შენაერთების გაგზავნის თხოვნით მიმართა იმ რეგიონებში, რომლებიც ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში არ შედის, თუმცა რეფერენდუმი მაინც ჩატარდა. სადავო ტერიტორიებს შორისაა ნავთობით მდიდარი ქალაქი კირკუკი. ქურთისტანის დამოუკიდებლობის გზაზე ყველაზე დიდი დაბრკოლებაა ქურთების მიერ ამჟამად კონტროლირებადი ნავთობით მდიდარი რეგიონების საკითხი. გარდა ამისა, შედეგების გამოქვეყნებამდე ოფიციალურმა ბაღდადმა ქურთისტანს რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ორი საერთაშორისო აეროპორტის დათმობაც მოსთხოვა. ამჟამად ამ აეროპორტებში ყატარის, ეგვიპტისა და ლიბანის ავიაკომპანიებს ფრენა შეჩერებული აქვთ. რეგიონთან საჰაერო სივრცე ჩაკეტა ირანმაც. ქურთისტანს სანქციებით და ბლოკადაში მოქცევით დაემუქრა თურქეთიც.
დღევანდელი მდგომარეობით, ერაყის ქურთისტანი, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს, ფართო ავტონომიაა, რომელიც დღევანდელი სახით 1992 წელს შეიქმნა. ავტონომიას ჰყავს არჩეული პრეზიდენტი მასიდ ბარზანი, საკუთარი შეიარაღებული ძალები და პარლამენტი. მოსახლეობა 5.2 მილიონია, რომელთა უმრავლესობა სუნიტია. დღევანდელი ერაყის ქურთისტანი დე -ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თუმცა მოსახლეობის 98 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის იდეას. ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ქურთული საკითხი იქნება ერთ-ერთი იმ საკითხთაგანი, რის გამოც, ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებაა. „ამ რეფერენდუმის შედეგების შემდეგ ქურთი მოსახლეობის განწყობა საკმაოდ საბრძოლოა და, რა თქმა უნდა, ერაყის ოფიციალური ხელისუფლება არ დათმობს. მარტო ნავთობზე არ არის საუბარი, ასევე ენერგომატარებლებზე და საერთოდ ქურთებს საკმაოდ დიდი ტერიტორიები უკავიათ. ამიტომ, შიდა დაპირისპირება, მათ შორის სამოქალაქო ომი, გამორიცხული არ არის. ეს ყველაფერი კი ამ პროცესებში სხვადასხვა სახელმწიფოების ისევ ჩარევას გამოიწვევს. როგორ განვითარდება ეს ყველაფერი, დღეს ამის პროგნოზირებაც რთულია. შემთხვევითი არც ისაა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ანკარაში ჩავიდა და, დიდი ალბათობით, სირიასა და სხვა საკითხებზე ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბრის გარდა მთავარი განხილვის თემა ქურთული საკითხი იქნება. ახლო აღმოსავლეთში უამრავი მოთამაშეა, ჩინეთიდან დაწყებული, აშშ -თი დამთავრებული, პლუს რეგიონში არსებული ქვეყნები და დამშვიდება რომ არ უწერია რეგიონს, ეს ფაქტია,” – ამბობს სალუქვაძე. მისი თქმით, თუ ამ დაპირისპირების მასშტაბი არ გაიზარდა, ეს საქართველოზე პირდაპირ არ აისახება, მაგრამ ჩვენ ირგვლივ იცვლება ყველაფერი და არავინ იცის, რა მასშტაბს მიიღებს ეს დაპირისპირება. “თუ დაპირისპირების ალი ერაყიდან თურქეთს გადმოედო, ეს ყველაფერი მთელ რეგიონზე აისახება. ხოლო თუ საბრძოლო მოქმედებები ლოკალურად იქნება, იგივე პროცესები წავა, რასაც აქამდე ვუყურებდით და ამას საქართველოზე პირდაპირი ასახვა არ ექნება. პროგნოზირება რთულია”, – დასძენს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები