„ილია ჭავჭავაძე – უკვდავების ფენომენი“ პროექტის მიხედვით მრავალი ღონისძიება იგეგმება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის ინიციტივით, ხორციელდება პროექტი „ილია ჭავჭავაძე უკვდავების ფენომენი“.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, 2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია – მისი დაბადებიდან 180, ხოლო მკვლელობიდან – 110 წელი სრულდება.  25 სექტემბერს, საინგილოში მწერლისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება გაიმართება.
საინგილოში მცხოვრები ქართველები შეხვდებიან მწერლებს – გიორგი კეკელიძესა და ივანე ამირხანაშვილს და მოუსმენენ ლექციას ილია ჭავჭავაძის შესახებ; დაგეგმილია გიორგი სავანელის მიერ მწერლის ცხოვრების შესახებ დაწერილი წიგნის – „საუკუნის მკვლელობა – გზა ილიასი“ პრეზენტაცია, მოეწყობა გამოფენა, სახელწოდებით „ილია ჭავჭავაძე – სახვით ხელოვნებაში“, რომელზეც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სახვითი ხელოვანების მიერ შექმნილი მხატვრული ნიმუშების ექსპოზიცია, მათ შორის, სკულპტურის, ფერწერისა და ხატწერის ნიმუშები. აღნიშნული ორიგინალები, საიუბილეო წლის ფარგლებში, პირველად იქნება საჯაროდ წარმოდგენილი.
გამოფენაში გაერთიანებულია სხვადახვა ავტორთა ნამუშევრები: სკულპტურა – გია (გიორგი) ჯაფარიძე, გენადი ზაქარაია, მერაბ მერაბიშვილი; ფერწერა – გიორგი გეგეჭკორი, ალექსანდრე ციხელაშვილი; ხატწერა – ირაკლი მაისურაძე, თამარ რიგიშვილი, ირაკლი ჭუმბურიძე, ქეთევან ყურაშვილი; ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე, მონაწილეობას მიიღებს პოემა „აჩრდილის“ გადაწერაში. დღის ბოლოს კი, შედგება სპექტაკლის – „საუკუნის მკვლელობა“ პრემიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები