კონსერვატორიაში AEC- კონსერვატორიების ევროპული ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება

21-24 სექტემბერს, თბილისში, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, AEC-ის საერთაშორისო ურთიერთობათა ხელმძღვანელების (კონსერვატორიები, მუსიკის აკადემიები და ჰოჰშულეების ევროპული ასოციაცია) ყოველწლიური შეხვედრა ტარდება.
როგორც „კვირას“ კონსერვატორიაში განუცხადეს, აღნიშნულ ყოველწლიურ შეხვედრაზე თავს იყრიან ევროპის უმაღლესი სამუსიკო განათლების წარმომადგენლები, ევროპის კონსერვატორიების მმართველი მენეჯმენტი როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული პერსონალიდან. სულ 250 სტუმარი მსოფლიოს 57 სახელმწიფოდან.
AEC-ის შეხვედრა თბილისში მიეკუთვნება ევროკავშირის და შენგენის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ იშვიათ მოვლენათა რიცხვს და ამასთან, რეგიონში პირველ პრეცედენტს.
ევროპის წამყვანი სახელოვნებო უნივერსიტეტების, მუსიკის აკადემიების და კონსერვატორიების საერთაშორისო ურთიერთობათა ხელმძღვანელების ვიზიტი თსკ-ში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სწორედ 2017 წელს – კავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებლის 100 წლის იუბილეზე.
ევროპულ კონსერვატორიათა ასოციაცია (AEC) არის ევროპის კულტურისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების გაერთიანება, რომელშიც 300-მდე წევრი ინსტიტუციაა გაერთიანებული 57 ქვეყნიდან. 2005 წლიდან თბილისის სახ. კონსერვატორია არის ევროპულ კონსერვატორიათა დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და აქტიურად მუშაობს AEC-ის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.
დღეს AEC წარმოადგენს ერთადერთ ორგანიზაციას მსოფლიოში, რომელიც აქტიურ როლს თამაშობს უმაღლესი სამუსიკო განათლების პოლიტიკის შემუშავებაში, ის არის „წამყვანი ხმა“ მსოფლიოში უმაღლესი სამუსიკო განათლების სფეროში.
ევროპულ კონსერვატორიათა ასოციაციის (AEC-ის) საერთაშორისო ურთიერთობათა ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის ჩატარება თბილისში მიზნად ისახავს:
ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობას და კიდევ უფრო გააქტიურებას, რაც თანხვედრაშია საქართველოს უმაღლესი განათლების ერთ-ერთ მთვარ პრიორიტეტთან – უმაღლესი განათლების ევოპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაცია.

უნდა აღინიშნოს, რომ სახელოვნებო უმაღლესებს შორის თბილისის სახ. კონსერვატორია გამოირჩევა Erasmus+ პროგრამაში აქტიური ჩართულობით; დღეისათვის თსკ-ს ჰყავს 17 ერასმუს პარტნიორი ევროკავშირის 15 ქვეყნიდან, რაც სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის განხორციელების მასშტაბში აისახება.
თანამედროვე უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში განათლების ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაცია პირდაპირ უკავშირდება სწავლებისა და სწავლის ხარისხს, სწავლებისა და კვლევის მეთოდოლოგიის გაზიარებას, ახალი კრეატიული პროექტების განხორციელებას, რაც გავლენას მოახდენს არა მარტო ერთი უმაღლესი სასწავლებლის, არამედ სახელოვნებო განათლების სფეროზე.
უნდა აღინიშნოს, რომ კონსერვატორიის აღზრდილები ათწლეულების მანძილზე წარმოადგენენ ქვეყნის სავიზიტო ბარათს მსოფლიოს მასშტაბით. ევროპულ კონსერვატორიათა ხელმძღვანელების შეკრება თბილისში საშუალებას მოგვცემს, ადგილზე გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ტრადიციულად ძლიერი მიმართულება – სამუსიკო განათლება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას და მეტიც, საქართველოს უმაღლესი განათლების პოზიციონირებას საქართველოს ფარგლებს გარეთ.

შეხვედრა ხელს შეუწყობს:

თსკ-ს საერთაშორისო სარბიელზე ეფექტურ პოზიციონირებას და ინტერნაციონალიზაციის პროცესის ეფექტურად წარმართვას, აგრეთვე საქართველოსთვის პოზიტიური იმიჯის შექმნას;
მდგრადი პარტნიორობის ჩამოყალიბებას;
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში კონსერვატორიის კიდევ უფრო აქტიურ ჩართვას;
ქართული უმაღლესი განათლების ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაციას;
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და ფასეულობების პოზიციონირებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს მთელს მსოფლიოში.

შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია კონცერტები კონსერვატორიის სტუდენტების, სემინარიის მოსწავლეებისა და კონსერვატორიის პროფესორების მონაწილეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები