ICOM CIDOC-ის საერთაშორისო კონფერენცია – „სამუზეუმო დოკუმენტაცია: წარსული, აწმყო, მომავალი…“ გაიმართება

26-29 სექტემბერს,  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ICOM CIDOC-ის საერთაშორისო კონფერენცია – “სამუზეუმო დოკუმენტაცია: წარსული, აწმყო, მომავალი…” გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, CIDOC წარმოადგენს ICOM-ის სამუზეუმო დოკუმენტაციის საერთაშორისო კომიტეტს.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს სამუზეუმო დოკუმენტაციის ევოლუციური წარსულის გააზრებას მისი მნიშვნელობის ღრმა აღქმისათვის, დოკუმენტაციის სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის პრეზენტაციას და სამომავლო ინოვაციური მიდგომებისა და მეთოდების შესწავლა/გაანალიზებას.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სპეციალისტები მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან (დოკუმენტაციის სპეციალისტები, კურატორები, კოლექციების მენეჯერები, რესტავრატორები, მეცნიერები, მკვლევარები, საგანმანათლებლო პროგრამის მენეჯერები და დოკუმენტაციისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვა სპეციალისტები).

კონფერენციის საკითხები:
სამუზეუმო დოკუმენტაციის საფუძვლები და ევოლუცია;
კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტაცია – ცოდნის მენეჯმენტი;
სამუზეუმო დოკუმენტაციის სტანდარტები და შესაძლებლობები;
არქეოლოგიური მასალების დოკუმენტირება;
მრავალენოვანი ინსტრუმენტების გამოყენება სამუზეუმო საქმიანობის საკითხებში;
სამუზეუმო დოკუმენტაციის საერთაშორისო და სექტორთაშორისი ქსელის გამოყენება კვლევის, განათლებისა და პრეზენტაციის მიზნით;
21-ე საუკუნის გამოწვევები – ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობა სამუზეუმო დოკუმენტაციის მეშვეობით;
სამუზეუმო დოკუმენტაციის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები.

კონფერენციის სესიებზე დასასწრებად გასავლელია რეგისტრაცია: @cidoc2017.com/432841928
კონფერენციის ძირითად სესიებზე ინგლისურ-ქართული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები