დღეს გერმანიის ელჩი საქართველოში ხელოვნების ფესტივალს: „კამერა ობსკურა: ბერლინი – თბილისი“ გახსნის
19 სექტემბერს, 19:00 საათზე, გერმანიის ელჩი ჰაიკე ფაიჩი მწერალთა სახლის ეზოში, საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით და გერმანული კომპანია RCCR Projects-ის ორგანიზებით, ხელოვნების ფესტივალს: „კამერა ობსკურა: ბერლინი-თბილისი“ ოფიციალურად გახსნის.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალი ცნობილი გერმანელი ფოტოხელოვანისა და მსახიობის მარგარიტა ბროიხის ფოტოგამოფენით – „როდესაც ფარდა ეშვება“ გაიხსნება.
მარგარიტა ბროიხი 1960 წელს დაიბადა ნაუვიდში (გერმანია). 1977-1980 წლებში სწავლობდა „ფოტოდიზაინს“ დორტმუნდის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტში, 1981-1982 წლებში კლაუს პეემანის ხელმძღვანელობით იყო Schauspielhaus Bochum-ის ფოტოგრაფი, 1983-1987 წლებში სწავლობდა ბერლინის ხელოვნების ინსტიტუტის დრამატულ სკოლაში. 1987 წელს ფრანკფურტის თეატრში გამართული პირველი წარმოდგენის შემდეგ მონაწილეობდა სხვადასხვა სპექტაკლში – გერმანული თეატრი, შილერის თეატრი, ბერლინის ანსამბლი, მაქსიმ გორკის თეატრი, Volksbühne ბერლინი და ზალცბურგის ფესტივალი. მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან როგორებიც არიან: ეინარ შლიფი, ჰაინერ მიულერი, ჯორჯ თაბორი და კრისტოფ შლინგენზიფი. 1991- 2002 წლამდე იყო ბერლინის ანსამბლის წევრი. როგორც მსახიობს, ნამუშევარი აქვს ტელევიზიასა და კინოწარმოებაში.
19 – 23 სექტემბერს პირველად გაიმართება ხელოვნების ფესტივალი „კამერა ობსკურა: ბერლინი-თბილისი“.
ხელოვნების ფესტივალი „Camera Obscura ბერლინი-თბილისი“ გერმანელი და ქართველი ხელოვანების მონაწილეობით ორ ქვეყანას შორის ხელოვნებისა და მუსიკის სფეროებში დიალოგის გაღრმავებას ეძღვნება, თუმცა მის ძირითად თემას ორი დედაქალაქის: თბილისისა და ბერლინის კულტურული ურთიერთობები წარმოადგენს.
ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს კლასიკური მუსიკის კონცერტს, ჯაზკონცერტს, ფოტოგამოფენას, დისკუსიებსა და კლუბურ საღამოს ბერლინელი დიჯეების მონაწილეობით. ფესტივალში მონაწილეობენ გერმანიიდან ჩამოსული ის ცნობილი ხელოვანები, რომლებიც გარდა იმისა, რომ საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენენ, ქართველ კოლეგებს პროფესიულ გამოცდილებასაც გაუზიარებენ.
20 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ სიმფონიური მუსიკის კონცერტს გამართავს, ცნობილი გერმანელი დირიჟორის კრისტოფ გედშოლდის ხელმძღვანელობით, ვიოლონჩელო – იანს პეტერ მაინცი. შესრულდება ბრიტენის, ჰაიდნის, მენდელსონის, ცინცაცის მუსიკა. აღიარებული ვიოლონჩელისტი გია ყანჩელის შემოქმედების თაყვანისმცემელი და ინტერპრეტატორია. ასევე შესრულებული აქვს ბრამსის კონცერტი ვიოლინოსა და ჩელოსათვის ლიზა ბათიაშვილთან ერთად. კონცერტზე შესრულდება ბრიტენის, ჰაიდნის, მენდელსონის და ცინცაძის ნაწარმოებები.