„თბილისი – ურბანული ცვლილებები“ – გამოფენა გაიხსნება

22 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე, საქართველოს ეროვნულ არქივში გამოფენა „თბილისი – ურბანული ცვლილებები“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ არქივში განუცხადეს, გამოფენაზე მეოცე საუკუნის თბილისის განაშენიანების პროცესების მთავარი მომენტები იქნება აქცენტირებული. გამოფენისთვის შერჩეულია თბილისის ნაკლებად ცნობილი ფოტოები, რაც ათწლეულების განმავლობაში დედაქალაქის ურბანულ განვითარებას ასახავს. წარმოდგენილ ექსპონატებზე ასახულია ქალაქის ის ხედები, რომლებმაც თანამედროვეობაში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა.
ამასთან, ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი იხილავს თბილისის გეგმებისა და რუკების ორიგინალებს, რომელიც დედაქალაქის განვითარების ისტორიას მოგვითხრობს.
გამოფენის პარალელურად გაიმართება წიგნის – „თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკული მოღვაწეობა 1917-1921“ პრეზენტაცია. წიგნის ავტორია თბილისის არქივის დირექტორი მაკა კვარაცხელია. ეროვნულ არქივში დაცულ მასალაზე დაყრდნობით გამოცემაში მიმოხილულია დედაქალაქის თვითმმართველობის მუშაობის ძირითადი მიმართულებები – ჯანდაცვა, კულტურა, განათება, წყალმომარაგება, კეთილმოწყობა, ტრანსპორტი და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები