ოპერის მომღერალი ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა

ოპერის მომღერალი ზურაბ სოტკილავა მოსკოვში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ზურაბ სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს, სოხუმში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დავით ანდღულაძის ხელმძღვანელობით და მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში მღეროდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.
1966-1968 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის ლა სკალაში. 1973 წლიდან, დონ ჟოზეს პარტიით, მომღერლის დებიუტი შედგა მოსკოვის დიდ თეატრში, ერთი წლის შემდეგ კი, ზურაბ სოტკილავა ამავე თეატრის სოლისტია. პარალელურად, მოსკოვის კონსერვატორიაშიც ასწავლიდა.
პარტიები: აბესალომი (ზ. ფალიაშვილი “აბესალომ და ეთერი”), არზაყანი (ო. თაქთაქიშვილის “მთვარის მოტაცება”), ვოდემონი (პ. ჩაიკოვსკის “იოლანტა”), მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი (ჯ. ვერდის “ტრუბადური”, “ოტელო”, “ბალ-მასკარადი”, “აიდა”, “რიგოლეტო”), ხოზე (ბიზეს “კარმენი”), კავაროდოსი პუჩინის “ტოსკა”), ედგარი (დონიცეტის “ლუჩია დი ლამერმური”), ინდოელი სტუმარი (რიმსკი-კორსაკოვის “სადკო”) და სხვა.
ზურაბ სოტკილავა საქართველოს დამსახურებული არტისტი და შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი იყო.
„ვერდის ნაწარმოებების ბრწყინვალე ინტერპრეტაციისთვის“ ზურაბ სოტკილავა ბოლონიის მუსიკალური აკადემიის საპატიო წევრად იყო არჩეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები