კულტურის მინისტრი თეატრალურ უნივერსიტეტში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს

18 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და შენობაში დასრულებულ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს. იგი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეხვდება და პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავს.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, აღდგა თეატრალური უნივერსიტეტის შენობის მთავარი შესასვლელის კიბის უჯრედების საფეხურები და ბაქნების დაზიანებული ადგილები, უკანა ფასადი, ეზოს შესასვლელები, სრულად გარემონტდა შენობის ინტერიერი და სასწავლო აუდიტორიები. რესტავრაცია ჩაუტარდა რუსთაველის თეატრის მე-3 დონეზე მდებარე აკაკი ხორავას სახელობის აუდიტორიის თანდართულ ორიენტალისტური მოხატულობას. უნივერსიტეტის სასწავლო სცენა აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკური აპარატურით, ასევე, გარემონტდა მაყურებელთა დარბაზი. მთლიანად გამოიცვალა ელექტროგაყვანილობა, გათბობისა და გაგრილების სისტემები, დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, გამაგრდა სართულებსშორისი გადახურვა, ტექნიკურად გაიმართა შენობაზე დადგმული კოშკები, სარკმლის კონსტრუქციები და სველი წერტილები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წელს დაიწყო მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იმ შენობებში, სადაც რამდენიმე ათეული წელია ინფრასტრუქტურული პრობლემები არ იყო მოგვარებული. ამ დროისათვის მიმდინარეობს რამდენიმე ათეული შენობის რეაბილიტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები