ყაზახეთში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონია და საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

ყაზახეთში, ყარაგანდაში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის საზეიმო ცერემონია და საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ყაზახეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების, საჯარო სტრუქტურების და ბიზნეს სექტორის 100-მდე წარმომადგენელმა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბაშიძემ და საქართველოს საპატიო კონსულმა ჟანატ ტუსუპბეკოვმა.
ბიზნეს-ფორუმის დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საინვესტიციო კლიმატის და ენერგეტიკის სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს საქართველოს ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა. ფორუმის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოში ბიზნესის დაწყების და წარმოების სამართლებრივ რეგულაციებთან, საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატთან და ლიბერალურ საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით.

ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გამართულ საზეიმო მიღებაზე კი სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების, საქართველოს ტურისტული რეგიონების პოტენციალისა და ეთნოგრაფიული კუთხეების, ეკონომიკური განვითარებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ. ღონისძიების დასასრულს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ და ყაზახურ ფოლკლორს და დაეგემოვნებინათ ქართული ეროვნული კერძები და ღვინო.
ყაზახეთში საქართველოს საპატიო საკონსულოს შენობის საზეიმო გახსნის ცერემონია და საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი საქართველოს საელჩოს, საქართველოს საპატიო კონსულის ჟანატ ტუსუპბეკოვის და ყარაგანდის აკიმის (გუბერნატორის) ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები