რიგის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ქართველი პიანისტი, – ახალი კოცერტებით და მიწვევებით

საქართველოს უამრავი ნიჭიერი მუსიკოსი ჰყავს, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები ხდებიან.
ერთ-ერთი მათგანი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტი სალომე მოდებაძეა.
აგვისტოს ბოლოს მან რიგის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გრან-პრი მოიპოვა. რიგაში კი „ჯორჯიან მანგანეზის“ დაფინანსებით და ქველმოქმედების წყალობით გაემგზავრა.
სალომემ ფორტეპიანოზე სამი ნაწარმოები შეასრულა: შოპენის „პოლონეზ ფანტაზია“, ლისტის სონატა „დანტეს წაკითხვის შემდეგ“ და დებიუსის პრელუდია „ჩაძირული ტაძარი“ .
როგორც მუსიკოსმა „კვირას“ განუცხადა, რიგის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაიარა. ძირითადად, მაინც ლატვიის სკოლა იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 60-ზე მეტი მუსიკოსი მონაწილეობდა…
ჟიურის წევრები რიგის კონსერვატორიის წარმომადგენლები და ლატვიელი მუსიკოსები იყვნენ. გალაკონცერტსა და დაჯილდოების ცერემონიას კი საქართველოს ელჩი ლატვიაში ესწრებოდა.
სალომე მოდებაძის თქმით, რიგის საფორტეპიანო კონკურსში მონაწილეობა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ კონკრეტული შემოთავაზებები, კონცერტები, მიწვევები სამომავლო პერსპექტივით მიიღო. რიგის ფილარმონიის დარბაზის სახელმწიფო ორკესტრის ხელმძღვანელთან მალე დაიწყება მოლაპარაკებები და გაისად საინტერესო კონცერტი დაიგეგმება.
ქართველი მუსიკოსის თქმით, რიგის კონკურსი მასტერკლასებზე მიწვევებით და პროფესიონალ მუსიკოსებთან თანამშრომლობის თვალსაზრისითაც ძალიან სასარგებლო იყო.
სალომე მოდებაძემ ზესტაფონში დაამთავრა საჯარო სკოლა, მუსიკალური სასწავლებელი, შემდეგ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში – „ნიჭიერთა ათწლედში“ განაგრძო სწავლა.
ამჟამად იგი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილების მეორე კურსის სტუდენტია, პროფესორ ნინო ქათამაძის კლასში.
მან თბილისის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში პირველი პრემია ერთხელ უკვე მოიპოვა, ქართველი პიანისტი, ასევე აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ლატვიისა და იტალიის სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულია.
გამოდიოდა მოსკოვში კონცერტებზე…
„მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ,  კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვია ჩემი პროფესორი, ქალბატონი ნინო ქათამაძე. იგი არის პარიზის მარგარიტა ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ბელგრადის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, იუნესკოს საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. საქართველოს დამსახურებული არტისტი, თბილისი სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი.
საერთაშორისო ფესტივალზე მოსკოვში იგი ორი სტუდენტით იმყოფებოდა. „ვიწვევთ მეგობრებს“, – ასე ერქვა ფესტივალს, რომელიც დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და სხვადასხვა ქვეყნის პიანისტები მონაწილეობდნენ“, – ამბობს სალომე მოდებაძე.
ვინაიდან მოსკოვის კონსერვატორია ყველაზე რეიტინგული უმაღლესი სასწავლებელია მთელ მსოფლიოში, ამდენად, ამ ფესტივალში მონაწილეობა  ქართველი პიანისტებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ფესტივალი შესანიშნავად გააშუქა რუსულმა მედიამ, არხმა „კულტურამ“ ჩაიწერა ინტერვიუ ნინო ქათამაძესთან, რომელიც იმავე საღამოს გავიდა საინფორმაციო გადაცემაში და შემდეგი კონტაქტებიც დაიგეგმა…
„მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო „ჯორჯიან მანგანეზისადმი“, რომლის წყალობითაც იტალიის საერთაშორისო კონკურსში და საფორტეპიანო მასტერკლასებში მივიღე მონაწილეობა, მაშინ მათი დაფინანსების წყალობით მოხდა ჩემი პირველი გასვლა იტალიაში. ახლაც მათი დამსახურებაა, რომ გავემგზავრე რიგაში და დიდი მადლობელი ვარ“.
29 სექტემბერს თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში სალომე მოდებაძის პირველი სოლო კონცერტი გაიმართება.
„1 ოქტომბერს იწყება თბილისის პიანისტთა დიდი საერთაშორისო კონკურსი, რომელიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ტარდება. თითქმის 200 მონაწილიდან 31 მუსიკოსი შეგვარჩიეს. კონკურსი ოთხტურიანია და 11 ოქტომბერს დასრულდება. თბილისში წონიანი მუსიკოსები ჩამოდიან. გამომსვლელებს კი საერთაშორისო ჟიური შეაფასებს“, – აცხადებს მუსიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები