საქართველოს ელჩმა ავსტრალიის თანამეგობრობაში რწმუნებათა სიგელები გადასცა ავსტრალიის თანამეგობრობის გენერალ-გუბერნატორს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ავსტრალიის თანამეგობრობაში, გიორგი დოლიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ავსტრალიის თანამეგობრობის გენერალ-გუბერნატორს, პიტერ ქოსგროუს.

რწმუნებათა სიგელების ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორთან. შეხვედრაზე პიტერ ქოსგროუმ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დონეზე არსებულ ძალზედ კარგ ორმხრივ ურთიერთობებს, სხვადასხვა სფეროში განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ამ კუთხით, მან ყურადღება გაამახვილა ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა ეკონომიკა, კულტურა, განათლება და სოფლის მეურნეობა. შეხვედრაზე ავსტრალიურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოსთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის.
გენერალ-გუბერნატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრალიის ურყევი და განგრძობითი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. აღნიშნულ ჭრილში, მან, ასევე ისაუბრა რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკაზე მეზობელი ქვეყნებისადმი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავსტრალია არასდროს შეეგუება რუსეთის ამგვარ ქმედებებს.
საუბარში, პიტერ ქოსგროუმ, ასევე, ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ავსტრალიის ჩართულობაზე და მაღალი შეფასება მისცა ავღანეთში, ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” (RSM) საქართველოს მონაწილეობას.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორის მიერ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ლანჩზეც.
ღონისძიებას სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს მხრიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილე გერი ქუინლენი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები