წინანდლის მამული ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრს და ხატია ბუნიათიშვილს უმასპინძლებს

14 სექტემბერს, წინანდლის მამულში, ულამაზესი ბუნებისა და შეუდარებელი ღვინის ფონზე, კლასიკური მუსიკის ჰაეროვანი ჰანგები აჟღერდება – 18:00 საათზე, წინანდლის მამული ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრს და ხატია ბუნიათიშვილს უმასპინძლებს!
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კლასიკური მუსიკის საღამო წინანდლის ახლად აშენებულ ამფითეატრში გაიმართება, რომელიც 1000 მსმენელზეა გათვლილი. ორკესტრს დირიჟორობს ცნობილი მაესტრო ზუბინ მეტა. კონცერტი კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში შედგება.
130 მუსიკოსით დაკომპლექტებული ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი, ლეგენდარული ზუბინ მეტას დირიჟორობით, საქართველოს პირველად ეწვია.
ამ კონცერტით იწყება მზადება საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა. კონცერტის მხარდამჭერია „თი-ბი- სი ბანკის“ პერსონალური საბანკო მომსახურება, „თი-ბი-სი სტატუსი“.
წინანდლის ფესტივალის ფარგლებში დაარსდება საერთაშორისო მუსიკალური აკადემიაც.
წინანდლის სახლ-მუზეუმი და მიმდებარე ტერიტორია „სილქ როუდ ჯგუფის“ პატრონაჟის ქვეშ 2007 წლიდანაა და ამ დროის განმავლობაში ჭავჭავაძეების მამულს არაერთი გამოჩენილი მუსიკოსი სტუმრობდა. მათ შორის: გიდონ კრემერი, ელისო ვირსალაძე, ორკესტრი „კრემერატა ბალტიკა“, ლიზა ბათიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ჯოშუა ბელი, კვინტეტი „დიდრო“, ლუკა ლუკინი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი, რობი ლაკატოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები