გოეთეს ინსტიტუტში დისკუსია: „საზღვრები ყოველდღიურობაში – არსებული საზღვრები“ პოლიტიკური აქცენტებით გაიმართება

14 სექტემბერს, 18:30 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში, საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, გაიმართება დისკუსია: „საზღვრები ყოველდღიურობაში – არსებული საზღვრები“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის „სოვლაბის“ მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ცოფურიშვილი. პანელ-დისკუსიის მოდერატორი იქნება ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი ზაალ ანდრონიკაშვილი.

როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, შემოქმედებითი პროექტის „საზღვარი“ ძირითადი კითხვები ასე ჟღერს: სად სრულდება ევროპა და სად იწყება აზია? სად სრულდება აზია, სად იწყება ევროპა? რა გავლენას ახდენენ საზღვრები და ვინ ავლებს მათ? რომელი საზღვრები არსებობს ჩვენს ყოველდღიურობაში? სად იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრები და სად არის ისინი დღეს?
პროექტი 2017/18 წლებში ტარდება გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებითა და თანამშრომლობით, მის მრავალრიცხოვან პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად.
15 სექტემბერს, 18:30 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში მოეწყობა საუბრები ხელოვანებთან – “Of Black Box Recorder, Karaoke, National Anthem and Blurred Lines”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გამოფენის „საზღვარი“ კურატორი ტიბო დე როიტერი, გამოფენაში მონაწილე ხელოვანი აზერბაიჯანიდან ფარჰად ფარზალიევი, ხელოვნების მკვლევარი ლალი პერტენავა. მოდერატორი: თავისუფალი კურატორი ელენე კაპანაძე. ეს დისკუსია გაიმართება პოსტსაბჭოთა კულტურულ გეოგრაფიაზე და შეეხება აღნიშნული ქვეყნებისთვის აქტუალურ დისკურსს აღმოსავლური და დასავლური გავლენების შესახებ. ასევე, ყურადღება დაეთმობა გამოფენაზე წამოჭრილ თემებს – პირადი და პოლიტიკური ნარატივები, იდენტობა და ჰიბრიდულობა, იუმორი და სოციალური ტრავმები.
პროექტს „საზღვარი“, რომელიც თანამედროვე ვიზუალური არტისტების გამოფენასა და პანელ-დისკუსიებს აერთიანებს, გოეთეს ინსტიტუტი წარადგენს სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვში, კრასნოიარსკში, კიევში, მინსკში, თბილისში, დორტმუნდსა და შუა აზიაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
ჯგუფური გამოფენა „საზღვარი / Die Grenze“ თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) ახლაც მიმდინარეობს, სადაც წარმოდგენილია 30-ზე მეტი თანამედროვე ახალგაზრდა არტისტის 24 ნამუშევარი (ფოტოები, ვიდეოები, ინსტალაციები, ობიექტები) სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველოდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან.
ამ გამოფენის ფოკუსში მოქცეული თანამედროვე ვიზუალური არტისტების ახალგაზრდა თაობა საზღვრის თემის მისეულ ასახვასა და ხედვას ერთობლივი მოძრავი გამოფენის სახით პირველად წარმოადგენენ.
ჯგუფური გამოფენა „საზღვარი“ შეისწავლის და ასახავს სხვადასხვა სახის საზღვრებსა და მათ გავლებას: ტერიტორიული მონიშვნისა თუ გამოყოფის ასპექტით, საზღვარს, როგორც კულტურულ, პირადსა თუ სოციალურ გამყოფ ხაზს, როგორც განმასხვავებელ საშუალებას „ჩვენსა“ და „სხვებს“ შორის ან საზღვრის საშუალებით სწორედ ამ დიქოტომიის შექმნის შესაძლებლობას. „საზღვარი“ აქ მეტაფორაა, ფიგურა, რომელიც სტატიკური კი არ არის„ არამედ შეთანხმებებისადა ცვლილებების საგანია – ძალზე აქტუალური თემა რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის, ისევე როგორც გერმანიისა და ევროპისთვის. ამასთანავე, ევროპასა და აზიას შორის არსებული გეოგრაფიული და კულტურული საზღვარი წითელი ძაფის როლს ასრულებს. პროექტი ამ თემატიკას შემოქმედებითი თვალსაზრისით უდგება და თავისი მზერა წმინდა პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვების გარდა ხელოვნების განზომილებაშიც გადააქვს. აქ მიზანს წარმოადგენს დიფერენცირებული გარკვევა საზღვრების გავლების პროცესებში, მოტივაციასა და მიზეზებში.
16 სექტემბერს, 15:00 საათზე, დაგეგმილია გამოფენის „საზღვარი“ მთავარი კურატორის ტიბო დე როიტერის საჯარო საგამოფენო ტური თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა).
 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები