აბაშის პირველი საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი წარმატებით ჩატარდა

6-9 სექტემბერს, აბაშის პირველი საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი ჩატარდა. როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ფესტივალში  36 ქვეყნის 180 ფილმი მონაწილეობდა. კონკურსში წარმოდგენილი იყო 6-18 წლის ასაკის ბავშვებისა და ყმაწვილების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური და ექსპერიმენტული კინოსურათები. კინოფესტივალის პრიზი „ოქროს ბატიბუტი” იყო.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ შვიდ ნომინაციაში: მთავარი პრიზი საუკეთესო ფილმისთვის, საუკეთესო სცენარისტი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ოპერატორი, საუკეთესო იდეა, საუკეთესო მსახიობი ბიჭი, საუკეთესო მსახიობი გოგონა.
კინოფესტივალს ჰყავდა საერთაშორისო ჟიური სამი წევრის შემადგენლობით: კინორეჟისორი და პროდიუსერი გიორგი ოვაშვილი (თავმჯდომარე, საქართველო), კინოდრამატურგი და კინორეჟისორი იური დაჩევი (ბულგარეთი) და კინოკრიტიკოსი ანა საევიჩი (პოლონეთი).
კინოფესტივალის მუშაობაში, ქართველ ბავშვებთან და მოზარდებთან ერთად, მონაწილეობდნენ უცხოური დელეგაციები ექვსი ქვეყნიდან – ყმაწვილები და პედაგოგები (სულ 33 ადამიანი).
ფესტივალზე, ფილმების ჩვენების გარდა, გაიმართა სხვა აქტივობები: ქართული ფოლკლორის საღამო მიძღვნილი პოეტ კაჟან ცისკარელის 100 წლისთავისადმი, ადგილობრივი – აბაშის და მეზობელი ქალაქების – ფოთის, სენაკის, ჩხოროწყუს საბავშვო-საყმაწვილო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები, ქართული საბავშვო ფილმების ჩვენება (“არდადეგებზე” და “გაღმა ნაპირი”), ექსკურსიები ნოქალაქევსა და მარტვილში.
კინოფესტივალის ორგანიზატორი იყო ასოციაცია “სინერამა”, ხოლო მხარდამჭერები – აბაშის მუნიციპალიტეტი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და კომპანია “ააპლასტი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები