საქართველოს პარლამენტმა აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

„მინდა, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძეს იმ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და იმ დამსახურებისთვის, რომელიც მას მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებასა და საზეიმო მიღებას უმასპინძლა.
ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
„ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავგეგმეთ, რომ პარლამენტში ვუმასპინძლებდით ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის საიუბილეო ღონისძიებას, რომლითაც აღვნიშნავდით როგორც მის დამსახურებას მეცნიერების მიმართულებით, ასევე, მის უდიდეს პიროვნულ ღირსებებს, ასევე სიყვარულსა და პატივისცემას, რომელიც ქალბატონმა მარიკამ სრულიად ყველა თაობის მხრიდან დაიმსახურა”,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ღონისძიებაზე ფილმების – „ისტორიამ რა ჰქმნა” და „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად” ჩვენება გაიმართა.
აკადემიკოსს იუბილე მიულოცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა და ფილმის – „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად” ერთ-ერთმა ავტორმა, სულხან მელაძემ, რომელმაც მარიამ ლორთქიფანიძეს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
საზეიმო მიღებაზე მარიამ ლორთქიფანიძის ღვაწლისა და დამსახურებების შესახებ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც დამსწრეებს სიტყვით მიმართა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარიამ ლორთქიფანიძემ თავისი შრომით მომავალ თაობებს ცოდნისა და პატრიოტული ღირებულებების მყარი ფუნდამენტი შეუქმნა.
„მარიამ ლორთქიფანიძე გახლავთ საქართველოს ისტორიის ცოცხალი მემატიანე, ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მდიდარი ისტორია გააცოცხლა, ეს ისტორია გვასწავლა და თითოეულ ჩვენგანს შეაყვარა. ჩვენ დღეს აღვნიშნავთ ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილეს. ქალბატონმა მარიკამ მთელი თავისი ცხოვრება ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესწავლას და ამ ცოდნის ახალგაზრდა თაობებისთვის გადაცემას მიუძღვნა. ალბათ, ეს არის ყველაზე დიდი მისია და პატივი ნებისმიერი ადამიანისთვის. ქალბატონმა მარიკამ თავისი დაუღალავი შრომით მომავალ თაობებს შეუქმნა როგორც ცოდნის, ასევე, პატრიოტული ღირებულებების ძალიან მყარი ფუნდამენტი და მან მისცა მაგალითი ჩვენს ახალგაზრდა თაობებს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ფასდაუდებელია მარიამ ლორთქიფანიძის, როგორც საზოგადო მოღვაწის ღვაწლიც.
„ფასდაუდებელია ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის ღვაწლი ქართული მეცნიერების წინაშე, საქართველოს ისტორიის წინაშე და ასევე, ფასდაუდებელია მისი, როგორც საზოგადო მოღვაწის ღვაწლი. ის ყოველთვის წინა ხაზზე იდგა საქართველოს ისტორიის გაყალბებისგან დაცვის საქმეში და ის ყოველთვის გვერდით ედგა ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებსაც, გარდა იმისა, რომ განათლებას აწვდიდა, ასწავლიდა ღირებულებებს და ეხმარებოდა სწორი პრიორიტეტების განსაზღვრაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება ისტორიულ თარიღს – ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 110 წლისთავს ემთხვევა. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ყურადღება საქართველოს ისტორიის კარგად ცოდნისა და გააზრების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აკადემიკოსს ქვეყნის წინაშე დამსახურებებისთვის მადლობა გადაუხადა.
„სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება ემთხვევა ისტორიულ თარიღს – დღეს 110 წელი შესრულდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღიდან. თითოეული ჩვენგანი ბუნებრივია, აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ყველა თაობამ. თითოეულმა ჩვენგანმა კარგად ვიცოდეთ და კარგად გვქონდეს გააზრებული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ისტორია. ამის გარეშე, ბუნებრივია, შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის მომავლის შენება. სწორედ ამ ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან ღირსეულ და საპატიო მისიას ემსახურებოდა ქალბატონი მარიკა მთელი თავისი ცხოვრებით და მოღვაწეობით. მინდა, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძეს იმ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და იმ დამსახურებისთვის, რომელიც მას მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მარიამ ლორთქიფანიძეს ღვაწლისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.
„ნამდვილად მეამაყება, რომ მომიწია ცხოვრება და სწავლა თქვენს ეპოქაში, თქვენს საქართველოში. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც გაგიკეთებიათ საქართველოსთვის, რასაც აკეთებთ და მომავალი თაობებისთვის არ ჩერდება თქვენი საქმიანობა და შემოქმედება. ყველა თაობის სახელით გიხდით განსაკუთრებულ მადლობას”,- განაცხა მარიამ ჯაშმა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის თქმით, მარიამ ლორთქიფანიძის მოღვაწეობა სამაგალითოა.
„ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ დაფასდა ქალბატონი მარიკას ღვაწლი და დღეს საშუალება გვაქვს, საქართველოს პარლამენტში, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წარმმართველი, ხდებოდეს ქალბატონი მარიკას იუბილეს აღნიშვნა. ქალბატონი მარიკას ღვაწლი არ არის მხოლოდ ისტორიოგრაფია, მხოლოდ საზოგადოებრივი მოღვაწეობა. ქალბატონი მარიკას ღვაწლი ყოველთვის არის მუშაობა ახალგაზრდებთან და ყოველთვის არის ის, რომ ქალბატონი მარიკას მოღვაწეობა ყოველთვის მომავლისკენაა გამიზნული. ეს არის სამაგალითო ბევრისთვის”,- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, გიორგი კვესიტაძის განცხადებით კი, მარიამ ლორთქიფანიძე აკადემიის ოქროს ფონდის ერთ-ერთი განსაკუთრებული წარმომადგენელია.
„ქალბატონი მარიკა არის იმ ოქროს ფონდის ერთ-ერთი განსაკუთრებული წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას გააჩნია. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ დღეს ასეთი ღვაწლმოსილი, კეთილშობილი ქალბატონი ჩვენი აკადემიის წევრია”,- აღნიშნა გიორგი კვესიტაძემ.
აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, სამეცნიერო და აკადემიური წრის წარმომადგენლები, მარიამ ლორთქიფანიძის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები