„ფაზისის“ ტრიუმფალური სვლა ისრაელში

ფოთის მუნიციპალიტეტთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ფაზისი’’ (ხელმძღვანელი ახმედ ამბალია) ისრაელში, ქალაქ კარმიელის ნაციონალური ცეკვების საიუბილეო 30-საერთაშორისო ფესტივალზე მიწვევით იმყოფებოდა. ამის შესახებ პორტალი „კვირა“ უკვე წერდა ქალბატონ ლეილა ნოდიასთან ინტერვიუში. ამჟამად  „კვირას“ მკითხველებს ვთავაზობთ  ქალბატონ ლეილას საფესტივალო შთაბეჭდილებებს.

– ფესტივალის საზეიმო დღეების ფარგლებში, 8, 9, 10 აგვისტოს, მსოფლიოს 42 ქვეყნიდან ჩამოსული ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. მათგან განსხვავებით, ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით და ფოთთან დამეგობრებული ქალაქ კირიათ იამის საკრებულოს წევრის – მურად ფიზიცკისა და დამსახურებული ქორეოგრაფის, შოთა წვენიაშვილის ორგანიზებით, ,,ფაზისელებმა’’ დაჰყვეს ათი დღე ისრაელის სახელმწიფოში და ისრაელის ცხრა ქალაქში  –  იერუსალიმში, ბეერ-შევაში, ნათანიაში, რიშონ ლე-ციონში, ფეთახ თიკვაში, კირიათ მოცკინში, მოდიინში, აშდოდში და, რა თქმა უნდა, საფესტივალო  ჩვენება  ქალაქ კარმიელში გამართეს.
ეს იყო წარმატებული სვლა, ტრიუმფი, გამარჯვება ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის, პატარა ფაზისელების, მათი მშობლების, ფოთელების… და დიდი შრომა და დამსახურება ანსამბლის ხელმძღვანელების: ფოთის ფოლკლორული ცენტრის დირექტორი გიგლა თურქია, სამხატვრო ხელმძღვანელი ახმედ ამბალია, ქორეოგრაფები – დევიზ სილოგავა, კობა ამბალია, მარინა ბახბავა, მონიკა ღვინჯილია, ანსამბლის ადმინისტრატორი სოფო ეჯიბია… აქვე მინდა აღვნიშნო ქალაქის მერიის და საკრებულოს ხელშეწყობა მოცეკვავეებისათვის სათანადო სამოსელის შესაძენად.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
ცნობილი მეცენატის, ფოთის საპატიო მოქალაქის შოთა მეგრელიშვილის შვილის, ბიზნესლედის ლიანა მეგრელიშვილისა და ხაიფის ოლქში კირაიოთების საპატიო მოქალაქის შოთა წვენიაშვილის თაოსნობით, ორიოდ წლის წინ, ქალაქების – ფოთის (მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია) და კირიათ იამის (მერი დავიდ ევენ ცური და საკრებულოს წევრი მიხაელ (მურადი) ფიზიცკი) მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობისა და დამეგობრების მემორანდუმი.
შემდეგ, დაძმობილებული ქალაქების დელეგაციები გაცვლითი პროგრამებით ესტუმრნენ როგორც ისრაელს, ასევე საქართველოს. სწორედ ამ დამეგობრების ფარგლებში გადაწყდა საერთაშორისო ფესტივალზე ფოთის რომელიმე ანსამბლის შერჩევა და ამისათვის, ოთხი თვის წინ, საქართველოში ჩამოვიდა ისრაელის სპეციალური დელეგაცია, რომლის წევრებმაც შეარჩიეს ფოთიდან ანსამბლი ,,ფაზისი “.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: აჰარონ სოლომონ – მსოფლიო ხალხთა ეროვნული და კლასიკური ცეკვების ,,ფესტივალ კარმიელის” გენერალური დირექტორი და მისი მეუღლე ნომი სოლომონ. შლომო მამან – ამავე ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი და მისი მეუღლე ბათია მამან. მოშე აშკენაზი – ფესტივალის პროდიუსერი და რეჟისორი. იურდიული მრჩეველი – ადვოკატი დორი ცურ. ქალაქ კირიათ იამის საკრებულოს წევრი, ადვოკატი მიხაელ (მურად) ფიზიცკი. ქალაქ ტირათ კარმელის მუნიციპალიტეტის იურისტი, ადვოკატი მოშე ელიკი, ხაიფისა და ჩრდილოეთ ოლქის ქართულ – ებრაული კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე, ,,საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდი’’, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე – შოთა წვენიაშვილი. დელეგაციის ვიზიტის მიზანი საერთაშორისო ფესტივალ კარმიელი 2017 – ის მონაწილეთა შერჩევა და ისრაელში მიპატიჟება იყო.
ფესტივალის ფარგლებში მოცეკვავეებისა და მათი ხელმძღვანელების გარდა, მიწვეული იყო რამდენიმე საპატიო სტუმარი: პრინცი იოჰან ბაგრატიონ – მუხრანელი, მისი მეუღლე, პრინცესა ქრისტინა და მათი მეგობარი ბიძინა ქუმსიაშვილი. ანსამბლს ფოთიდან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი (გია) დარჯანია და ამ ვიზიტის სულისჩამდგმელი ლიანა მეგრელიშვილი ახლდნენ. მქონდა ბედნიერება, როგორც ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე მომუშავე ჟურნალისტი, ებრაელი ერის დიდი მეგობარი, მთელი ეს დღეები ანსამბლთან ერთად ვყოფილიყავი.
კარმიელის ფესტივალზე საქართველო პირველად მონაწილეობდა და ეს პატივი ფოთის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ფაზისს’’ ხვდა წილად. მოცეკვავეთა ანსამბლს ახლდა ერთადერთი მომღერალი – გიორგი იოსავა, რომელიც საათნახევრიან პროგრამაში ისე ორგანულად იყო შერწყმული, რომ მის გარეშე, ალბათ ის ხიბლი ვერ იქნებოდა, რითაც მაყურებელი იყო მონუსხული და სცენაზე მყოფთ ტაშით დიდხანს აჯილდოვებდა.
სხვადასხვა ქალაქში მაყურებლებში ხშირად იყვნენ ქართველი ებრაელები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ემოციებით. ხოლო ებრაელები, რომლებიც ადრე ფოთიდან ან სენაკიდან იყვნენ წამოსულები, ხშირად სცენაზე ან კულისებში ამოდიოდნენ, რომ ანსამბლის წევრებთან ფოტოები გადაეღოთ და გულიანად მოფერებოდნენ ქართველებს. ფოთელებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო დღე იყო ქალაქ აშდოდში დანიელ მაღალაშვილის გამოჩენა შვილთან, მალხაზთან ერთად. მას კონცერტის მსვლელობისას, მთელი საათნახევარი, ცრემლი არ შეშრობია თვალებზე. შემდეგ კულისებში ამოვიდა ქაშერი ღვინით ხელდამშვენებული, მოეფერა ფაზისელებს და გაიხსენა ფოთში ცხოვრების წლები.
ანსამბლის წევრებისათვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ბეერ-შევაში არსებული ქართული ცეკვების ანსამბლ ,,შალვას’’ ხელმძღვანელის დავით ეფრემაშვილის ემოციები, მისი გულუხვობა, მიპატიჟება სუფრასთან როგორც ბეერ-შევაში, ასევე აშდოდში, ღია კაფე ,,პეტრაში’’. ბატონმა დავითმა ანსამბლს მისი ხელოვანი მამის, ცნობილი ქორეოგრაფის შალვა ეფრემაშვილის სახელი უწოდა და დღეს ერთ-ერთი წარმატებული ქართული ცეკვების ანსამბლია ისრაელში.
იერუსალიმის დიდ თეატრში გამართული კონცერტის შემდეგ, ანსამბლს და მის ხელმძღვანელებს საჩუქრად იერუსალიმის ძველი ქალაქის ლითონში ჩამოსხმული ლამაზი ბარელიეფი, იერუსალიმის მერიის წარმომადგენელმა პინი გლინკევიჩმა, ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა მიხაელ ხენმა, ადვოკატმა არკადი ელიგულაშვილმა და მხატვარმა გიორგი წულაძემ გადასცეს.
კონცერტების პარალელურად პრინც იოჰანის და მისი მეუღლის, ასევე სხვა სტუმრების პატივსაცემად რამდენიმე ქალაქში სამთავრობო შეხვედრები მოეწყო. იერუსალიმში, სტუმრები დიდი პატივით მიგვიღეს ქნესეთში (ისრაელის პარლამენტში) აჰარონ მეზუზის ხელმძღვანელობით. შეხვედრა მოგვიწყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ციპი ხოტოველმა. ქალაქ ლოდის მერმა და ამ ქალაქში მცხოვრებმა ცნობილმა ადამიანებმა. ქალაქ ტირათ კარმელის მერმა არიე ტალმა მერიის თანამშრომლებთან ერთად. აშდოდის ვიცე-მერმა მოშე ბოთერაშვილმა და აშდოდელმა ბიზნესმენმა იეუდა ნანიკაშვილმა სტუმრებისათვის აშდოდის ქართველ ებრაელებთან შეხვედრა, აშდოდში პატარა ექსკურსია და დიდი საღამო-კონცერტი ჩაატარა.
ფაზისელებს დასკვნითი კონცერტი ქალაქ აშდოდში ჰქონდათ. ცნობილმა ქორეოგრაფმა შოთა წვენიაშვილმა ანსამბლ ,,ფაზისის’’ სოლისტთან, მონიკა ღვინჯილიასთან ერთად, სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული საცეკვაო ნომერი შეასრულა. ხოლო აშდოდის მკვიდრმა, მომღერალმა იუზა მოშიაშვილმა სიურპრიზად ,,ქარი გიმღერის ნანასა“ გიორგი იოსავასთან ერთად პრინცის და ქართველი სტუმრების პატივსაცემად იმღერა.
სხვადასხვა ქალაქში გამართულ კონცერტებზე მოსულ მაყურებლებს ანსამბლის შესახებ ინფორმაციებს ივრითზე ხან შოთა წვენიაშვილი და ხან მურადი ფიზიცკი აწვდიდა.
რა თქმა უნდა, წმინდა მიწას ისე როგორ დატოვებ არ მოიხილო მისი როგორც წმინდა ქრისტიანული, ისე იუდეველთათვის ძვირფასი ადგილები და ჩვენც, ბატონმა მურადი ფიზიცკიმ, ბატონმა შოთა წვენიაშვილმა, ბატონმა მოშე ელიკმა და სხვა მასპინძლებმა შესანიშნავი მეგზურობა გაგვიწიეს: ვიყავით წმინდა გიორგის ტაძარში, ქრისტეს საფლავთან, აღდგომის ტაძარში, ტიბერიაში… განვიბანეთ იორდანეში, მიგვიწვიეს რამდენიმე დიდ სინაგოგაში, ვნახეთ ,,გოდების კედელი’’ არა მარტო ზედა, დანგრევას გადარჩენილი ტაძრის ნაწილი, არამედ ქვეშ, ჯერ კიდევ მიმდინარე გათხრების ლაბირინთებშიც ვიარეთ. ფოთელ პატარებს არასოდეს დაავიწყდებათ წმინდა მიწაზე განცდილი მღელვარება წმინდა ადგილებთან მიახლებისას რომ ჰქონდათ.
დასრულდა ჩვენი ათდღიანი წარმატებული ტურნე ისრაელში… დიდხანს უკრავდა ტაშს ქართულის არმცოდნე მოჯადოებული მაყურებელიც კი ჩვენი ბავშვების შესრულებულ ქართულ ცეკვებს: ,,კოლხურ სუიტას’’, ქართულს – ,,დაისიდან’’, ,,ჯეირანს’’, ,,სამაიას’’, ,,ხევსურულს’’, ,,ილოურს’’, ,,აფხაზურს’’, ,,კავკასიურს’’, ,,სვანურს’’, ,,მთიულურს’’, ,,ყაზბეგურს’’, და სიმღერებს გიორგი იოსავას შესრულებით. განსაკუთრებით მოსწონდათ კონცერტის ფინალი, ებრაული სიმღერების პოპური ებრაულ ცეკვასთან ერთად… ისრაელის დიდ საკონცერტო დარბაზების უმეტესობაში, ტევა არ იყო, რომელიც ასე პირთამდე იშვიათად ივსება ხოლმე, ჩვენს ეპოქაში, სოციალურ ქსელებსა და იუთუბში არსებული ყოვლისმომცველი ინფორმაციებისა და სანახაობების ხელმისაწვდომობის გამო. უფრო მეტიც, ანსამბლს ისრაელში ,, ოქროს ფაზისი’’ შეარქვეს და არამარტო ებრაელმა მაყურებელმა, ისრაელში მყოფმა სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა ადამიანებმაც ,,სუხიშვილების’’, ,,ერისიონის’’, ,,რუსთავის’’ ანსამბლების გამოსვლებს შეადარეს პატარა ვირტუოზი მოცეკვავეების ულამაზესი ილეთები.
დიდი მადლობა – ჩვენს მასპინძლებს ისრაელში. ფოთთან დამეგობრებული ქალაქის – კირიათ-იამის მერს, დავიდ ევენ ცურს, მის მეუღლეს მარტინს; განსაკუთრებული მადლობა კირიათ-იამის საკრებულოს წევრს, ადვოკატ მიხაელ ფიზიცკის; ამ ქალაქების დამეგობრების და ფოთის ბავშვთა ანსამბლის საფესტივალოდ შერჩევის ინიციატორს, ლიანა მეგრელიშვილს, ისრაელის ჩრდილოეთ კირაიოთების, საქართველოში ზესტაფონის და ფოთის საპატიო მოქალაქეს, დამსახურებულ ქორეოგრაფს, რომელმაც ისრაელში დაბადებული ბავშვების ექვს თაობას შეასწავლა და შეაყვარა ქართული ცეკვა, ,,ქორეოგრაფიის რაინდს’’ შოთა წვენიაშვილს, ტირათ კარმელის მერის მრჩეველს, ადვოკატ მოშე ელიკს, ფოთის ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელს გიგლა თურქიას, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გია დარჯანიას, ხაიფაში ახალგახსნილ ქართულ რესტორან ,,გეორგიას” და მის ხელმძღვანელებს, ცნობილ მომღერალს, მალხაზ სეფიაშვილს და ჩვენს მეგობარ ქართველ ებრაელებს. ყველა იმ ქართველს, ყველა იმ ებრაელს, ვინც თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანა ანსამბლის ისრაელში წარმატებული გამოსვლებისათვის.
…ათი დღე დავყავით ერთად წმინდა მიწაზე. გაოცებული ვიყავი ამ ბავშვების აღზრდით, კულტურით, ქცევებით. ყველაფერში ეტყობოდათ ოჯახიშვილობა, პედაგოგების წვრთნა და შინაგანი კულტურა, კოლხური კრძალვაც და სიჩაუქეც.
ფოთისა და კირიათ-იამის დამეგობრების სათავეებიდანვე ჩართული ვარ როგორც ისრაელიდან, ასევე ფოთიდან, და უკვე მერამდენედ შემიყვარდნენ ჩემი მეგობარი ქართველი ებრაელები, ჩემი ფოთელები…
მინდა  ეს გამარჯვება მივულოცო და კვლავ წარმატებები ვუსურვო ანსამბლ ,,ფაზისს’’, მის ხელმძღვანელობას, ფოთელებს და წერილი ისრაელში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლის სიტყვებით დავასრულო: ,,ჩვენ, დიპლომატები, წლები ვმუშაობთ ჩვენს ერებს შორის გულების გასათბობად და თქვენ ეს ათ დღეში შესძელით’’.  დიახ, ფაზისელებმა ეს შესძელით. იცოცხლეთ. ლეხაიმ“…

ლეილა ნოდია,
სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების
ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ხელმძღვანელი

   

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები