ცნობილი გერმანელი ექსპერტები ქართველი ილუსტრატორებისა და არტბუქების ავტორებისთვის მასტერკლასებს გამართავენ

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ცნობილი გერმანელი ექსპერტები ქართველი ილუსტრატორებისა და არტბუქების ავტორებისთვის მასტერკლასებს გამართავენ.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ვორკშოპი 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო პროგრამის დაგეგმვის მიზნით ხორციელდება.
გერმანული ორგანიზაციის KulturKind e. V მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ვორკშოპში 13 ქართველი დამწყები და უკვე წარმატებული ილუსტრატორი მონაწილეობს. ყველა მათგანი გერმანულმა მხარემ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით, კონკურსის გზით, მათი პორტფოლიოების გათვალისწინებით შეარჩია. მასტერკლასებს KulturKind e. V-ის ხელმძღვანელი, ცნობილი გერმანელი ექსპერტი ულრიკე ნიკელი ილუსტრატორ კირსტენ ჰინკლერთან ერთად უხელმძღვანელებს. საბავშვო ილუსტრაციისა და წიგნის ხელოვნების თემაზე ვორკშოპი სახელწოდებით „ჩემი წარმოდგენა საქართველოზე“, 12-14 სექტემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.
გერმანელი ექსპერტები ქართველ ილუსტრატორებთან და წიგნის ხელოვნებით დაინტერესებულ პირებთან სამდღიანი სპეციალური პროგრამის მიხედვით იმუშავებენ. კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით ვორკშოპის მონაწილეები შეასრულებენ კონკრეტულ დავალებებს და წარადგენენ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციებს.
აღნიშნული მასტერკლასები ხელს შეუწყობს მომავალ წელს, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ქართული წიგნის ხელოვნებისა და საბავშვო ილუსტრაციების პროგრამის დაგეგმვას.
გერმანულ ორგანიზაციას KulturKind e. V მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს, განახორციელა არაერთი საერთაშორისო პროექტი, მათ შორის სკანდინავიური საბავშვო ილუსტრაციის მოგზაური გამოფენა –  Into the Wind!, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბავშვო ლიტერატურის ფესტივალი viva literatura!, საზაფხულო ხელოვნების აკადემია მოზარდებისთვის KinderKunstAkademie და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები