„ჩემი მოკლული ალბინოსი არჩვი ავსტრიას ვაჩუქე“… – როგორ ნადირობდნენ ერთად თემურ ტყემალაძე და რეზო თაბუკაშვილი?

ჭიათურაში დაიბადა და გაიზარდა. სპორტისა და ბუნების სიყვარული ბავშვობიდან სდევდა. ნადირობით გატაცებულმა სტუდენტობიდანვე ფეხით მოიარა საქართველოს ყველა კუთხე, ბოლოს ალაზნის ჭალებში წარმოქნილმა  პრობლემებმა დააფიქრა, იცოდა რა ჭალის ტყეების ეკოლოგიური მნიშვნელობა, მისი ფლორისა და ფაუნის უნიკალურობა, აქვე  არსებული ჭიაურის ტყე აიღო მმართველობაში.
საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის თავმჯდომარისავკასიაში „საფარი კლუბის პრეზიდენტი, ჟურნალ „ველური ბუნების“ დამაარსებლის, თემურ ტყემალაძის პერსონა.

– დავიბადე ჭიათურაში. წარმოშობით – საჩხერის რაიონის, სოფელი ბაჯითიდან ვარ. ბაჯითელი ტყემალაძეები ცოტა გამორჩეულები იყვნენ. მათი უმეტესობა მღვდელმსახური იყო, ერთ-ერთი ჩვენი პაპა, ცნობილი სასულიერო პირი, პროტოპრესვიტერი  მარკოზ ტყემალაძე დასვენებულია სიონის ტაძრის ეზოში, რომლის ძალისხმევითაც აშენდა ქაშუეთის ეკლესია. ჩვენს ოჯახში შემორჩენილია ერთადერთი სურათი, სადაც გელათში გამართულ წმინდა სინოდის მესამე კრებაზე მონაწილე გამოჩენილი საეკლესიო და საერო პირები არიან ასახულნი, სადაც ჩემი ბაბუა და კიდევ სამი ტყემალაძე იღებდა მონაწილეობას.  მამაჩემი, არჩილი, განათლებით ისტორიკოსი, ფრონტზე ნამყოფი კაცი იყო, დედა – ვენერა წულუკიძე, სათნოებით გამორჩეული მედიცინის და. ასეთ ოჯახში გავიზარდეთ ორი ძმა და ერთი და. საშუალო სკოლა ჭიათურაში დავამთავრე.  თავიდანვე ძალიან დიდი მიდრეკილობით მქონდა სპორტისა და ნადირობისადმი, ეს ორი გატაცება დღემდე გამომყვა.
ვჭიდაობდი  ბერძნულ-რომაულს, საკმაო წარმატებებსაც მივაღწიე, საქართველოს რამდენიმე გზის ჩემპიონი და სსრკ-ს ჩემპიონი ვიყავი, მრავალი ტურნირი მოვიგე. მაგრამ, როგორც იტყვიან, სპორტული ფორტუნა არ მწყალობდა, მეტის მიღწევა შემეძლო.
ბუნებასთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. ავიყოლიებდი ჩემ ტოლ ბიჭებს, დავადებდი თავს და… ბავშვობაში ფეხით  11-ჯერ გადავედი შქმერში. ასევე, რამდენჯერმე – ქვემო რაჭაში, შაორზე. რაჭამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში. საქართველო არის ჩემი სამყარო. როცა  შეჯიბრებებზე მივდიოდი, ერთი სული მქონდა, უკან როდის დავბრუნდებოდი.
ნელა-ნელა, სპორტს რომ გამოვცილდი,  მთაში დავიწყე  აქტიური სიარული. ხშირად დავდიოდი აფხაზეთის სვანეთში, გეოლოგებთან ერთად,  უამრავი მეგობარი მყავდა. ნადირობაში ჩემი მეწყვილეები იყვნენ გამოჩენილი მონადირეები: სამსონ გუგუსიანი და გივი კვიციანი, ვისთან ერთადაც მოვლილი მაქვს ულამაზესი ადგილები – ადანგე, კოდორის ხეობა, შღაბზია, შაპარტი, უჩვეულოდ საინტერესო პირობებში ვცხოვრობდით…  ვთევზაობდით კალმახზე, ვნადირობდით… სხვათა შორის, საქართველოში ძალიან ცოტას ვნადირობდი. ჩვენი არეალი უფრო მეტად მოიცავდა აზერბაიჯანს, ჩეჩენო-ინგუშეთს, ყაბარდო-ბალყარეთს, დაღესტანს… იქ ნადირიც ბევრი იყო და აქ ჩვენს ნადირს ვინანებდით.
იმ დროს მონადირეთა რამდენიმე გამორჩეული ჯგუფი არსებობდა საქართველოში, მათ შორის ჩვენიც, ექიმი შოთა ტყემალაძე, ბატონი რევაზ თაბუკაშვილი, გოგი თოფაძე, სერგო გოცირიძე, თამას იაკობაშვილი, თენგიზ სეფიაშვილი, შალვა ქირიკაშვილი და მისი ძმები ყაზბეგში, ლაგოდეხში ბიჭიკო ჩითინაშვილი, რობიზონ (ჭიჭო) მუმლაძე, გოგი და კოტე ტყემალაძეები და სხვა.
მაშინ არ იყო ამდენი მონადირე, ნადირობისადმი დამოკიდებულებაც სხვა იყო.  მარტო ხორცის მოპოვება არ იყო მთავარი. ნადირობა მთელ მთელ რიტუალს წარმოადგენდა. ინგუშ მონადირეებთან განსაკუთრებული    მეგობრობა გვაკავშირებდა, მოძმეებად გვთვლიდენ, ფიცი დადეს, რომ სანამ ჩვენ და ჩვენი შვილები ვიარსებებთ, ამ ორ ხალხს შორის ომი არ იქნებაო… შეიძლება ამ ურთიერთობაზე რამდენიმე წიგნი დაიწეროს.  ასე მეგობრულად ვიყავით აზერბაიჯანშიც, ირანის საზღვარზე ვნადირობდით ტახებზე… ყველას არ ჰქონდა  იქ შესვლის უფლება..
– ერთხანს ყიზლარის ზამთრის საძოვრებზეც  მუშაობდით…
– დრო გადიოდა და ერთ დღესაც  შემთხვევით მოვხვდი ყიზლარში სანადიროდ, ჩემს მეგობრებთან. მაშინ ყიზლარში საქართველოს ცხვარი იზამთრებდა… იქ ოდითგანვე ძალიან დიდი ტერიტორიები გვქონდა ქართველებს არენდირებული.
ჰოდა, მოიკლეს თავი, რომ იქ დავრჩენილიყავი და  მემუშავა… მეც დავთანხმდი. ეს იყო დაახლოებით 1966-67 წლები. ამ დროს ყიზლარი ძალიან პოპულარული იყო, მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკა მთლიანად მასზე იყო დამოკიდებული, განსაკუთრებით – მეცხვარეობა, ნამდვილი ბუმი იყო, იქ მუშაობა გმირობის ტოლფასად ითბლებოდა.  შენდებოდა უამრავი რამ, ათეული კილომეტრობით სარწყავი არხები, ხორცკომბინატი, საავადმყოფო, ათასნაირი დამამზადებელი პუნქტები და სხვა. ყველა დოვლათი საქართველოში მოდიოდა. დაბა კოჩუბეიში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, აშენდა ქართული დასახლება ივერია (ადრე კოჩუბეის „შავ ბაზარს“ უწოდებდნენ, იმის გამო რომ აქ ირანში გასაგზავნი ტყვეები იყიდებოდა).
აქ ოდითგანვე ქართველებით დასახლებული კოლონია იყო, დღემდეა შემორჩენილი ე.წ. ბაგრატიონების ტყე, ვენახები და ბევრი სხვა რამ. ყველგან შეიმჩნევა ქართული კულტურის კვალი. აუარებელი ტექნიკა იყო თავმოყრილი არხების გასაყვანად. ჩვენ თითქმის საველე პირობებში გვიწევდა ცხოვრება. ურთულესი პირობები იყო, ერთადერთი გასართობი ნადირობა გახლდათ. ხშირად ჩამოდიოდნენ  მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელები: ედუარდ შევარდნაძე, ჟიული შარტავა და სხვები, დიდი ყურადღების ქვეშ ვიყავით. მდინარე კუმას ვქაჩავდით სარწყავად.  დიდძალ თივას ვეზიდებოდით საქართველოში, მეცხოველეობა ყვაოდა მაღალმთიან რეგიონებში.
ადრე ეს ადგილები, მდინარე კუმის გასწვრივ (ე.წ. ნოღაის ველები) ნეიტრალურ ტერიტორიებად ითვლებოდა, სადაც მთელი ჩრდილოეთ კავკასიის ხალხი ცხვარს აზამთრებდა, ცხვარი კი მათი ძირითადი საარსებო წყარო გახლდათ. ეს ადგილები სიმბოლურად იყო დაყოფილი  და იქ ომი არასდროს ყოფილა.
ადრე ჩემთვის წარმოუდგენელი იყო სტეპში ცხოვრება, შემდეგ ისე მოვიხიბლე, რომ საერთოდ შემეცვალა ბუნების მიმართ დამოკიდებულება, მთა ლამაზია, მაგრამ ბუნება მარტო მთა არ ყოფილა, სტეპებს თავისი უდიდესი ხიბლი აქვს, მირაჟები, ქარბორბალები, აბსოლუტურად განსხვავებული ცხოველთა სამყარო, თუნდაც მზის ამოსვლა და ჩასვლა, სულ სხვაა.
– ივერიას  რა  ბედი ეწია? ყიზლარის საძოვრები ხომ დაიკარგა…
– ეს მიწები  იურიდიულად ჩვენი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ქართველების გარკვეული რაოდენობა იქ ყოველთვის ცხოვრობდა, რადგან ეს იყო ქართველების პლაცდარმი ჩვენი მეფეების ირანში მოგზაურობის დროს.  ასე რომ, ის ადგილები ყოველთვის ქართული დიასპორის ქვეშ იყო მოქცეული. ვენახები  და ბაგრატიონთა ტყე –  ულამაზესი მუხნარი გაშენდა…. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ტყისა და ბუნების ფასი ვიცოდით ქართველებმა.
– თქვენი სახელი გუდაურის მშენებლობას უკავშირდება…  თქვენი ხელმძღვანელობით  მოკლე დროში აშენდა საბაგირო გზები და კოტეჯები…
– იმ პერიოდში საქართველოს საბაგირო გზების მთავარი ინჟინერი ვიყავი და, რა თქმა უნდა, გუდაურის საბაგირო გზების მშენებლობაც ჩვენ დაგვევალა. გუდაური მაშინ ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი იყო. უმალვე შეიქმნა გუდაურის ტურისტული კომპლექსი, სადაც მაშინდელი ცეკას მდივნის, სოლიკო ხაბეიშვილის თხოვნით დავინიშნე ამ კომპლექსის ხელმძყვანელად.  ეს იყო 1982-84 წლები.
თავდაპირველად პატარა საბაგირო გზები გაკეთდა, შემდეგ კი გაჩნდა მოთხოვნა და პირველი სავარძლიანი საბაგიროებიც გავაკეთეთ… ამას მოჰყვა  პირველი კოტეჯები, სასტუმრო „ბიდარა“, პირველი სტუმრები, მათ შორის პირველ ამერიკელ სტუმრებს, ძალიან სერიოზული ოჯახის წარმომადგენლებს ვუმასპინძლეთ.
ისინი ჩვენი ბუნებით მოხიბლულნი წავიდნენ. მას შემდეგ  ძალიან ბევრი იწერებოდა გუდაურზე ამერიკისა და ევროპის პრესაში, სწორედ ამან გადაწყვიტა გუდაურის მომავლის ბედი.  ეს ყველაფერი მაშინდელი ნორმებით საოცრად ჩქარა კეთდებოდა, შემდეგ ჩამოვიყვანეთ  ავსტრიელი მშენებელი ბაუზბეკი, ვინც  საფუძველი  ჩაუყარა სასტუმროს  და ავსტრიული საბაგირო გზების მშენებლობას. სწორედ ბაუზბეკმა ააშენა შემდგომში თბილისში   სასტურმო „მეტეხი“. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოელმა   სსრკ-ს ტერიტორიაზე ააშენა სასტურმო.

ნადირობა აზერბაიჯანში

დღეს გუდაურში ბევრი რამ არ მომწონს, ჩვენი გეგმით, სასტუმროების მშენებლობა უფრო სხვაგვარად, კაიშაურებისკენ, სეთურებისკენ უნდა წასულიყო. იქიდან  საბაგირო გზებით მაღლა უნდა ამოსულიყვნენ. ასე ფერდობები არ დაიკარგებოდა, შენობებიც სხვანაირად უნდა აშენებულიყო. თუ ათსართულიან სასტუმროში გინდა ცხოვრება, მაშინ თბილისში იცხოვრე. იქ, მაქსიმუმ, ორ-სამ სართულიანი იფრასტრუქტურის შესატყვისი კოტეჯის ტიპის  სახლები უნდა აშენებულიყო.
მაშინ ცხონებული სოლიკო ხაბეიშვილის თაოსნობითა და ჩვენი ინიციატივით, (ვახტანგ მიქელაძის, კოსტა ქავთარის და სხვა), არა მარტო გუდაური, არამედ მთელი ხადას და ხანდოს ხეობა შევისწავლეთ,  ამის შემდეგ საქართველოში არცერთი ადგილი არ დაგვიტოვებია. აჭარა იქნებოდა თუ სვანეთი, ეს პროცესი ძალიან ინტენსიურად მიდიოდა, სამთო ტურიზმი ვითარდებოდა.  მერე ომებმა მოსპო ყველაფერი, ძალიან უკან დაგვწია. თუმცა ახლა ძალიან ინტენსიურად მიდის მუშაობა ამ მხრივ…  ეს სფერო ყოველთვის ჩემ თვალსაწიერშია, დიდი სიფრთხილე გვმართებს, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში (სვანეთი, თუშეთი, ხევსურეთი და სხვა), სადაც თითქმის ყველა ნაგებობა ისტორიული ძეგლია, ურთულესია.
–  მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტი ხართ… სანადირო ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავთ…
– ბუნებას ვერ მოვშორდი… ბოლოს გადავწყვიტე, სანადირო ტურიზმის განვითარებაში მიმეღო მონაწილეობა. ეს სფერო მოუწესრიგებელია ჩვენს ქვეყანაში, დღემდე არ დამდგარა მისი პრიორიტეტულობა. დაახლოებით ათი წლის წინ დავიწყე ამაზე ზრუნვა, შევქმენით  „საფარი კლუბის“ წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც ამერიკაში დაარსებული სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციაა,  ძალიან ტიტულოვანი ხალხია მისი წევრები. ეს კლუბი, ძირითადად, ბუნების დაცვასა და სწორ ნადირობაზეა ორიენტირებული. მათი რეკომენდაციებით შევქმენით  მონადირეთა  და მეთევზეთა ფედერაციაც.
ამას მოჰყვა ის, რომ ლაგოდეხში, ალაზნის ჭალებში  უნიკალური ჭიაურის ტყის ნაწილი, დაახლოებით 5000 ჰექტარი  ავიღე მართვაში…  ეს ადგილი იმიტომ შევარჩიე, რომ ახალგაზრდობიდანვე მანდ დავდიოდი, განსაკუთრებით სტუდენტობის წლებში, მაგ ტყეებში გავიზარდე, ვიცოდი მისი სიკეთეც და სატკივარიც.
– ანუ კარგად იცნობდით ალაზნის ჭალებს…
– მაგას კი არა, მთელ კავკასიას ვიცნობ… ეგ ის ადგილია, რომელსაც ვასილ მჟავანაძე ძალიან უფრთხილდებოდა. მისი გადარჩენილია, ყველა  ღონეს ხმარობდა, რომ  შენარჩუნებულიყო ეს იშვიათი ტყე. ალაზნის ჭალები ხასიათდება მაღალი ბიომრავალფეროვნებით, ასრულებს ათეულობით სახეობის მობინადრე, მობუდარი, მიმომფრენი და მოზამთრე ფრინველის, აგრეთვე რიგი იშვიათი, გადაშენების პირას მისული მცენარის თავშესაფარს, არეგულირებს კლიმატს, ეროზიისაგან იცავს ნიადაგს, დადებით გავლენას ახდენს მიკროკლიმატზე, განსაკუთრებით იზრდება მისი როლი მოსალოდნელი გლობალური დათბობის უარყოფითი გავლენის შერბილების საქმეში. აი რას ნიშნავს ჭალის ტყე.
როდესაც აქ შემოვედი,  საშინელი სურათი დამხვდა:  ტყის დიდი ნაწილი დაჭაობებული და განადგურებული იყო,  მოსახლეობა განუკითხავად ჩეხდა და სპობდა იქაურობას, ტურებისა და ენოტის გარდა, ვერაფერს ნახავდი. ძალიან დიდი სტიმული მომცა მსოფლიოს ბუნების დაცვის ფონდმა, WWF- მა.  2008 წელს, ზუსტად იმ წელს, როდესაც ომი დაიწყო ოსეთში, მილიონნახევარი ევრო დახარჯა ამ ტყის აღსადგენად. დაირგო ნახევარი მილიონი ხე, შემოიღობა ტყის ნაწილი და დასაქმდა ასზე მეტი ადამიანი.
გული მწყდება, რომ  ამხელა პროექტი გაკეთდა ბუნების დასაცავად და  5 წელიწადის განმავლობაში  ხელისუფლებისგან არანაირი გამოძახილი არ ყოფილა.
– სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ფორმა მიიღო ტყესთან დამოკიდებულებამ...
– ევროპაში,  ბელოვეჟკაია პუშჩის გარდა, რომელიც პოლონეთისა და ბელორუსიის საზღვარზეა, აღარ დარჩა ჭალის ტყე. მთელი ევროპა უფრთხილდება ამ საუნჯეს.

ჩვენ გვაქვს ეს ბაჯაღლო და, სამწუხაროდ,  მისი ფასი არ ვიცით.  ბევრი ცუდი რამ შეგვემთხვა და გადავიტანეთ,  იმედი მაქვს, ეს ყველაფერი უკეთესობისკენ წავა, კიდეც მიდის, მაგრამ მთავარია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის ქვეშ მოექცეს ტყე და ველური  ბუნება, რადგან მასთან დამოკიდებულება უკიდურესობამდეა მისული.     

 ამ დღეებში ხანძრებთან დაკავშირებით გამოითქვა აზრი, რომ ტემპერატურის სხვაობა 6 გრადუსს სცდება, ე,ი. 6 გრადუსით მეტია ჩვეულებრივთან, ვიდრე იყო 10 წლის წინ. ეს კატასტროფაა. რა იწვევს ამას, უნდა დავფიქრდეთ. კლიმატის ცვლასთან ერთად,  ჩვენი ყველაზე დიდი სიამაყის – ველური ბუნების ხელყოფა ხდება… ამას უკანონო ჭრა არ ჰქვია. ეს არის პირდაპირ დატაცება, ორგანიზებული ყაჩაღობა, რომელიც,  სავალალოდ, წინა მთავრობიდან დამკვიდრდა და დღემდე ბოლომდე ვერ აღმოვფხვერით. კანონებიც შესაცვლელია.
– კანონმდებლობა ახსენეთ…  წესით, ამ დარღვევებზე უმკაცრესი სასჯელი უნდა არსებობდეს… არსებობს პოლიცია, გარემოს დაცვის სამსახურები…
– ვერ ვიტყვი, რომ დღეს გვერდში არ გვიდგანან, პირიქით, ჩემთან პოლიცია და გარემოს დაცვის სამსახურები ძალიან მობილიზებულები არიან, უამრავი დარღვევა გამოვლინდა. ეს საიტებზეც შეიმჩნევა. თუ შეხვალთ, მიხვდებით, რაც  ხდება. მაგრამ შემდეგ  აღსრულება არ ხდება სათანადოდ. ალბათ საკანონმდებლო ბაზის უსუსურობაა, შეიძლება ათჯერ დაიჭირო კაცი ერთ თვეში ერთი და იგივე ქურდობაზე და  ისევ გარეთ იყოს? რაღაც კაპიკებს იხდიან და დამთავრდა საქმე, იმან ზუსტად იცის, რა აქვს შემოსავალი ტყიდან,  ისევ  მოდის და იგივეს  აკეთებს…  ეს არის კარგად ორგანიზებული მავნებლების ჯგუფი, რომლის აღმოფხვრა სახელმწიფო ნების გარეშე შეუძლებელია.
უკანონო ჭრის ფაქტებზე ზარები არ წყდება, არც 112-ში და არც გარემოს დაცვის ინსპექციაში, მაგრამ ყველაფერი ისევ ჯარიმის გამოწერითა და ოქმის შედგენით მთავრდება.

იყო შემთხვევა, როდესაც ბრაკონიერი ჩართული ხერხებით გამოგვეკიდა. ქართველების ასეთი ბარბაროსული დამოკიდებულება ტყისადმი ჩემთვის შოკისმომგვრელია. ეს არ ხდება გაჭირვების გამო, ეს გახლავთ კარგათ ორგანიზებული დამნაშავეთა ჯგუფი, რომელიც მტრობითა თუ პირადი გამდიდრების მიზნით ანადგურებს ბუნებას. სავალალოდ, ეს მარტო ჩვენს ტყეში არ ხდება, როგორც სენი, ისეა მოდებული ყველგან, სადაც ტყეა. ამ ხალხმა ზომა და წონა არ იცის, გარეწარი და ზნედაცემული ხალხია. მათთან ბრძოლა იოლი არ არის, ღრმა ფესვები აქვს გადგმული…

 მაგრამ ვნახოთ, კახეთის გუბერნატორი გარემოს დაცვის მინისტრი, სამხარეო ძალოვანი სტრუქტურები უკვე სერიოზულად ჩაერთნენ, შედეგიც ჩანს. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი  ჩარევა აქამდე არ ყოფილა, ჩემთვის ეს იმედის მომცემია და ბევრს ნიშნავს.

ამ ხანძრებმა დაანგრია ჩემი სულიერი სამყარო, ისე უცნაურად ვითარდება მოვლენები, რომ ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს, ვიღაც ხელს უწყობდეს… რა თქმა უნდა, ადრეც ყოფილა ხანძრები, წელი არ გასულა, რომ ხანძარი არ მომხდარიყო, მაგრამ ასეთი მასშტაბის, ამდენი და სხვადასხვა ადგილას, არ მახსოვს.

მთაში, როგორც წესი, ხშირად იწვის ბალახი, რადგან იქ თვითონ ბალახის სტრუქტურა ისეთი დენთივით არის, ოდნავი მზე უკვე ეკიდება. მაგრამ მალე ქრება და მერე იქ ბალახი ისევ მოდის, მაგრამ როცა  ასწლოვანი წიწვოვანი ხეები იწვის, მიუვალ ადგილებში, კლდოვანებში, სადაც მისი აღმოცენება ურთულესია, ეს წარმოუდგენელი რამაა. თანაც ამხელა მასშტაბები, ერთგან, ორგან, სამგან… აბასთუმანი,  წაღვერი, ახალციხე, კახეთი, ყველა ხესთან მეხანძრეს ხომ ვერ დააყენებ?
თუ არ დაიჭერ, ქურდი არ არისო, მაგრამ არ შეიძლება,  ამდენი დამთხვევა არსებობდეს.  ჩნდება გარკვეული ეჭვი, რომ ამ საქმეში, მართლაც, ბოროტი ხელი ურევია. ვფიქრობ, ჩვენი სამყარო ორ ცეცხლს შუა არის. ერთი არის ცეცხლი, რომელიც ბუნებრივად  იწვის და უნდა ჩავაქროთ. მეორე კი ადამიანები, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც უკითხავად შედის, ჭრის, ანადგურებს, ყაჩაღურად  იტაცებს, ეს უფრო რთული და ცუდია, ვიდრე ბუნებრივად გაჩენილი ხანძარი. სხვა გამოძახილს იძენს, როცა ამას შეგნებულად აკეთებს ადამიანი. აქ უფრო მკაფიოდ ჩანს  ბოროტების კვალი, და ეს ბოროტება  უნდა აღმოიფხვრას, სხვა გზა არ არის. აქ ლმობიერება გამორიცხულია.
დღეს ევროპაში იმდენი გარეული ნადირია (ირემი, შველი, გარეული ღორი), ვერ დათვლით, როცა ჩვენთან გადაშენების ზღვარზეა მისული, მდინარეში თევზი აღარ დარჩა. გული გაგისკდება. შატილში, სვანეთში, რაჭაში კალმახს რომ ვეღარ ნახავ, რა უნდა თქვა…
დროა ტყესა და ველურ ბუნებაზე ზრუნვა ქვეყნის პრიორიტეტად იქცეს,  თუ გვინდა ტურიზმსა და მაღალმთიან რეგიონებში რაიმეს მივაღწიოთ. მერწმუნეთ, აქ დახარჯული ფული წყალში არ გადაიყრება. ეს ის ინვესტიციაა, რომელიც ქვეყანას წინ წასწევს.
– ტელეარხი „ახოტა ი რიბალკა“ დაინტერესდა საქართველოთი და  8-სერიანი ფილმი გადაიღეს…  მათი მეგზური თქვენ იყავით. ეს  ფილმები 4 წელიწადს ტრიალებდა სატელევიზიო ეთერში…
– მთელი საქართველო მოვატარეთ არხის ჟურნალისტებს. ტყიბულის წყალსაცავს რომ გადავხედეთ, თქვეს, ჩვენ აქედან აღარ წავალთო. აქეთ მცირე, იქით დიდი კავკასიონი, შუაში ტყიბულის ზღვა და ნაქერალას მთები მოჩანდა… ხოლო როდესაც უღელტეხილზე ავედით და შაორზე გადავედით,  საერთოდ შოკში ჩავარდნენ, შემოდგომა იდგა და მთაში ახალი ჩამოთოვილი იყო, შაორში მთელი კავკასიონი ირეკლებოდა, მონუსხულები იყვნენ სილამაზით…
მერე გადაყვნენ რაჭველები… ვიტყვი ერთ გულსატკენ ამბავსაც…  შარეულა არის პატარა მდინარე, რომელიც რიონს უერთდება. ამ შარეულას ხეობას ჩამოვუყევით. ისე მოეწონათ, თქვეს, რომ ერთ ფილმს აქაურობაზე გადაიღებდნენ.  შარეულა გამოდის   ვეებერთელა მღვიმიდან, იქვე პატარა ჰესია, ყარაულებმა რომ დაგვინახეს, შემოგვჩივლეს, ვაიმე, რა დროს ჩამოხვედით,  გუშინწინ ვიღაც ბიჭები ამოვიდნენ, დენით შევიდდნენ  მღვიმეში და კალმახი ამოწყვიტესო…
ამ მღვიმეში, შიგნით დიდი ტბა არის და ალბინოსი კალმახი ბინადრობდა.  მზე რომ არ შედის, წლების განმავლობაში კალმახმაც ფერი იცვალა. მერე მოინდომა ვიღაც გარეწარმა ეს კალმახი და ერთიც აღარ დატოვა, ისე გაანადგურა. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, სტუმრებს არ გავაგებინეთ,  მაგრამ ჩვენ რას ჩავდივართ საკუთარი ბუნების მიმართ, ხომ უნდა დავფიქრდეთ?
„ახოტა ი რიბალკას“ 8-სერიანი ფილმი არსებობს, რამდენიმე წლის განმავლობაში ტელევიზიით აჩვენებდნენ ამ ფილმს მთელს ევროპაში. ამ ფილმის შემდეგ ისეთი დაინტერესება იყო, რომ უამრავი გამომეხმაურა უცხოეთიდან.
– შარეულას მსგავსი  ფაქტები გაუხმაურებელი არ უნდა რჩებოდეს…
– მერე მე ვიღაცა მესვრის… ამას წინათ აფრიკაზე იყო გადაცემა. ვიღაც ჰოლანდიელი ბუნების მოყვარული  დარჩა იქ, ებრძოდა ბრაკონიერებს და იშვიათი ცხოველების თავშესაფარი გააკეთა. როცა მას ჰკითხეს,  საზოგადოებას როგორი დამოკიდებულება აქვს თქვენ  მიმართო? უპასუხა: ერთი ნაწილი ჩასაფრებულია, ელოდება, როდის მესვრის ტყვიას, მეორე ნაწილი  აღფრთოვანებულია და ყოველ დღე მლოცავს,  მესამეს კი ფეხებზე ვკიდივარო.
ზუსტად ასე ვარ მეც, ასეთივე დამოკიდებულებაა ჩემ მიმართ…  ჩემს მანქანას რომ დაინახავენ, გარბიან. ერთს გავეკიდე მანქანით, შემასწრო სოფელში, დალაპარაკება მინდოდა. მინდოდა მეკითხა: რატომ აკეთებ, რა გინდა, შვილო, რას ერჩი ბუნებას-მეთქი? მერე ჩემმა ბიჭებმა მიაკითხეს.  უტირია, რა სისულელე ჩავიდინეო, მიკვირს, ამ ხალხს დამრიგებელი რომ არავინ ჰყავს, მშობლები არაფერს ეუბნებიან, პირიქით აქეზებენ. საზოგადოებაც გულგრილია…დუმს, რა გინდა, რომ გააკეთო ასეთ დროს?
– რეზო თაბუკაშვილს და ზვიად გამსახურდიას იცნობდით. ადრე მითხარით, რომ ბატონმა რეზომ თქვენ თვალწინ დალია სული… რას გაიხსენებთ?

ნადირობა აზერბაიჯანში

– ორივეს ძალიან კარგად ვიცნობდი. ბატონი ზვიადი ყიზლარში გავიცანი, გადასახლება ჰქონდა მისჯილი, როგორც დისიდენტს. ძალიან ნატანჯი და დათრგუნული იყო, მეგობრები მაქსიმალურად ვცდილობდით, შეგვემსუბუქებინა მიყენებული ტრამვა, ნადირობა უყვარდა და მეც მეტი რა მინდოდა, სადაც წავიდოდი, თან დამყავდა. ყველას არ ენდობოდა, მხოლოდ რამდენიმე კაცთან მეგობრობდა. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ ხშირათ ვხვდებოდით თბილისსა თუ ლიძავაში.
ბატონ  რეზოსთან განსაკუთრებით ახლოს ვიყავი, უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს, როცა  გადაღებებიდან  ჩამოდიოდა, ხშირად პირველი ზარი ჩემთან იყო, რადგან დასვენება, განტვირთვა  სჭირდებოდა.  ზოგჯერ  ისეც ხდებოდა, რომ აეროპორტიდან სტუდიაში შედიოდა და მუშაობას იწყებდა.  ქალბატონმა მედეამ ეს არც კი იცოდა. თემურიკო, – ასე მეძახდა,- ხომ არ წავიდეთ სადმე? ერთ საათში სახლში ვიქნები, საათნახევარში რომ გამომიაროო…
ძალიან კარგი, კულტურული მონადირე იყო რეზო, კარგადაც ისროდა… მახსოვს, ყიზლარში ჩამომაკითხა, იქ  ანტილოპა საიგაკი ბინადრობს. იმ წლებში მრავლად იყო, მთელი თბილისი ჩამოდიოდა სანადიროდ. რეზო მეგობართან, დიმიტრი თოფურიძესთან ერთად ჩამოვიდა, კასპიის ზღვაზე, ასტრახანისკენ ნადირობდნენ და იქიდან გამოიარეს, მოწიწებით მთხოვეს, თუ შეიძლება, თითო ცალ საიგაკს  მოვიპოვებთო. ამ დროს ვინც კი ჩამოდიოდა, ყველას ჰქონდა პრეტენზია, რაც შეიძლება მეტი მოეკლა.
წავიყვანე სანადიროდ. ამოარჩიეს ყველაზე დიდრქიანი და საინტერესო ტროფეი, თითო ცალი მოიპოვეს და თქვა, ეს ჩვენთვის საკმარისიაო. მერე გავიყვანე ხოხობზე სანადიროდ. უამრავი ხოხობი იყო, ეს ადგილი არავინ იცოდა ჩემ გარდა და არც ნადირობდნენ. ხუთ-ხუთი ცალი მამალი ხოხობი მოინადირეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ვიყავით, დედალს არ ვესროდით. ეგ, როგორც წესი, ყველა წესიერმა მონადირემ იცოდა. …

ალექსანდრე სვაროვსკის (მარცხნიდან მეორე) სტუმრობა

როდესაც უკურნებელი სენი შეეყარა, მე და რამდენიმე მეგობარი, თენგიზ სეფიაშვილი, ამირან ბურჭულაძე… მოგვიხმო თავისთან. ჩაი, ყავა, ცოტა კონიაკი დავლიეთ,  მაშინ გაგვიმხილა ეს ამბავი. მედეასაც არ ეუბნებოდა, არც ლაშას…  მითხრა, თემურ, ალბათ ერთად ყოფნის დიდი დრო აღარ გვიწერიაო. მაშინ კიდევ ჯანზე იყო, მაგრამ ფეხზე უკვე პრობლემები ჰქონდა… წინასწარ დაითვალა თავისი დღეები…
გარდაიცვალებამდე, წინა დღით მისი დაბადების დღე იყო… მის გვერდით ვიყავი ბოლომდე. რეზოს სახით უდიდესი მოაზროვნე დავკარგეთ.
– თქვენთან ცნობილი საიუვილერო ფირმის წარმომადგენელი ალექსანდრე სვაროვსკიც იმყოფებოდა სტუმრად…
– ერთ დღეს ჩემს ბულგარელ მეგობართან ერთად, ალექსანდრ სვაროვსკიც მესტუმრა, კოლხური ხოხობი აინტერესებდა, წავიყვანე სანდიროდ. მარტო ერთი ხოხობი მოინადირა, ჩემთვის საკმარისიაო. მერე აზერბაიჯანში გადავედით, ჯიხვზე სანადიროთ, ძალიან ექსტრემალური და კარგი ნადირობა გამოგვივიდა… ჩემმა ლეკმა მეგობრებმაც  მასახელეს მასპინძლობით.
მერე თვითონ დამპატიჟა ავსტრიაში, იქ ნადირის მფარველის, ჰუბერტუსის დღეს აღნიშნავენ,  ნადირობის სეზონის დახურვამდე. ამ დღეს მთელი ავსტრია ზეიმობს. ტიროლიის მხარეში იკრიბებიან დიდგვაროვნები,  დიდ–პატარიანად, ეპისკოპოსები, მერები, წარჩინებული პირები და   მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობენ.

სვაროვსკების ოჯახთან ერთად

ჰოდა, ზეიმამდე ნადირობა მოგვიწყვეს, მე ცოტა იღბლიანი კაცი ვარ, ყველა უცნაურობა მე უნდა შემემთხვეს. ახლაც წავედით სანადიროდ, სამნი ვიყავით და ცალ-ცალკე უნდა გვენადირა. თან მახლდა ძალიან გამოცდილი ავსტრიელი ეგერი, მივედით არჩვებთან, რომეთაც იქ შამუას ეძახიან. დათვალიერების დროს ეს ეგერი მეუბნება, რომ ერთი ალბინოსიაო. მერე უცებ ჩემთან კონტაქტი გაწყვიტა  და დაიწყო რეკვები, დაურეკა ალექსანდრეს, რაღაც მუზეუმებს, გარემოს დაცვას, ეუბნებოდა მათ, რომ  ალბინოსი არჩვი ვნახეთო.
გავიხედე ჭოგრიტში და რაღაც მახინჯი დაფოთლილი თხა დავინახე. გამიკვირდა, ასეთი რა მოხდა, რომ ეგერი ასე აფორიაქდა-მეთქი… ალექსანდრეს რომ დაურეკა, იმან უთხრა, რადგან ალბინოსი ნახეთ, ე.ი. თემურმა უნდა მოინადიროსო. თავიდან უარზე ვიყავი – თუ გამორჩეული ჯიშია, იყოს-მეთქი; მაგრამ, მიპასუხეს, უკვე ყველამ იცის მის შესახებ და ბრაკონიერი მოკლავსო. სხვა რა გზა დამრჩენოდა, მეც ვესროლე და მოვკალი…  მოედო ეს ამბავი მთელ ქვეყანას.
როდესაც ნანადირევი ჩამოვიტანეთ, ხალხი ქუჩებში იყო გამოსული, ისე იყვნენ სოფლებში დაწყობილნი, პანაშვიდზე რომ იციან მისვლა.  მაჩერებდნენ, მართმევდნენ ხელს, მილოცავდნენ…  მოვიდა ალექსანდრე, აუჰ, მოიკლა თავი, გილოცავთო. ახლა ამის ფიტულს გააკეთებ და თან წაიღებო. ფიტულის გაკეთება და ჩამოტანა 5 ათასი ევრო მაინც დაჯდებოდა, თან სად უნდა წამომეღო…  ვიფიქრე, ვიფიქრე და  მტკიცე უარი ვთქვი, ადგილი არ მაქვს, სად უნდა წავიღო-მეთქი…  შენ გჩუქნი, ავსტრიას ვჩუქნი-მეთქი. უმალ მოედო ეს ამბავი იქაურობას.. კვლავ  გადარეკეს, გადმორეკეს, ატყდა ისევ ერთი ამავი, მადლობები შემომითვალეს.

სვაროვსკისთან ერთად, ავსტრიაში, ნადირობის შემდეგ

ნადირობის შემდეგ ნანადირევი ასე პირდაპირ სახლში არ მიაქვთ, მთელ რიტუალებს ატარებენ. სამი ნანადირევი გვქონდა, წავიღეთ ტყეში, გადმოიღეს საკრავები და თითო არჩვს თითო სიმღერა უმღერეს.
ასე რომ, ის ჩემი მოკლული შამუა დარჩა ავსტრიაში. სვაროვსკიმ გამომიგზავნა სურათი, ავსტრიის ერთ-ერთ მუზეუმშია განთავსებული, რომელსაც აქვს  წარწერა, სად როდის და ვინ  მოიპოვა.
– თქვენ მიერ მონადირებული მარტორქის თავის ფიტული საქართველოს საპარტიარქოშია… ამ ფაქტზე თავის დროზე სხვადასხვა  ჭორი  გაავრცელეს…
– მარტორქის თავის ფიტული, მართლაც, საპატრიარქოშია. ამ ამბავს  სხვადასხვანაირი კუდი მოაბეს, ამიტომ არ მინდა ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცუდი განსჯის საგანი გახდეს. მარტორქა ქართული მართლმადიდებლური ძლიერების სიმბოლოა და მისი ძვლისგან დამზადებულ ჯვარს, თურმე, ჩვენი მეფეები ატარებდნენ. ამიტომაც მოვიპოვე და განთავსდა საპატრიარქოში. სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვიტანეთ და პატრიარქს მივართვით.
– ამ დღეებში თქვენი ჟურნალი  „ველური ბუნება“ გამოდის… სადაც თანაპარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა… რატომ არის ამ ჟურნალის გამოსვლა მნიშვნელოვანი?
– მანამდე გვქონდა ჟურნალი „ნადირობა და თევზაობა“. ძალიან კარგი ჟურნალი იყო, ყველას მოსწონდა. სამწუხაროდ, საზოგადოებამ ცოტა მოიკოჭლა,  სახელმწიფოს მხრიდანაც ჯეროვანი მხარდაჭერა არ იყო… მაგრამ როგორც კი შეჩერდა ჟურნალის გამოშვება, მალევე  მიხვდნენ მის მნიშვნელობას და იძულებულნი გავხდით, გამოგვეშვა ახალი ჟურნალი, ოღონდ ახალი სახელწოდებით – „ველური ბუნება“.
ძალიან მიხარია, რომ ჩვენი პარტნიორი და თანამონაწილე გახდა  ეროვნული ბიბლიოთეკა. შესანიშნავი პიროვნებაა დირექტორის მოადგილე  მირიან ხოსიტაშვილი, რომელთანაც ჩვენ უშუალოდ ვკონტაქტობთ. დღეს მსგავსი შემართების ქართველი ძალიან ცოტა მეგულება. ვფიქრობ, ეს ჟურნალი  წარმატებული და დროული იქნება, სადაც გავაშუქებთ ყველაფერს,  ნებისმიერი ფორმით ადამიანების ბუნებასთან დამოკიდებულებას, მის მნიშვნელობას საქართველოს მომავლისათვის.

ალექსანდრე სვაროვსკისთან ერთად

ჟურნალი საქართველოს ყველა ბიბლიოთეკაში,  და უწყებაში განთავსდება,  ექნება ელექტრონული ვერსია. მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის წევრებს ჟურნალი უფასოდ დაურიგდებათ.
წარდგენა თბილისში და რეგიონებში გვექნება. ჟურნალის რედაქტორი გახლავთ ძალიან საინტერესო, ნიჭიერი, განათლებული, რაც მთავარია, ბუნების მოყვარული ჩემი თანამოაზრე და კომპანიონი გოჩა კობერიძე. ჩვენს გუნდს გადაწყვეტილი გვაქვს, ჩავიდეთ საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონში  და საზოგადოებას ჟურნალის არსი და მნიშვნელობა გავაცნოთ, ჩავატაროთ ლექციები  თუ სხვა ღონისძიებები.
საბჭოთა კავშირის დროს, თბილისში ერთადერთი სატყეო კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტი არსებობდა, რომელიც მთელს ამიერკავკასიის რესპუბლიკებს ემსახურებოდა, დღეს კი ეს ინსტიტუტი გაუქმებულია…  სომხებმა და აზერბაიჯანელებმა მხოლოდ ახლა შექმნეს მსგავსი ინსტიტუტები. როდესაც ერთს  8 პროცენტი აქვს ტყე და მეორეს – 11, ჩვენ კი – 40. რატომ?

ინსტიტუტი ეს არის გონება, ინტელექტი, რომელიც იკვლევს და აპროექტებს სატყეო დარგის  ყველა საქმიანობას, შემდეგ კი უგზავნის შესაბამის უწყებებს, რომლითაც ხდება ტყით მოწყობა და ყველა სატყეო საქმიანობა.
– დიდი ოჯახი გაქვთ…
–  არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს, მარიამ აბზიანიძე, მუსიკოსია, რომელიც მე მიძლებს მთელი ცხოვრება.  მე შინაგანად მოგზაური ვარ და ჩემი გაძლება მარტივი საქმე არ გახლავთ.
მყავს სამი ქალიშვილი – უფროსები ტყუპები არიან, ტყუპის ცალის თინათინის  მეუღლეა ბესიკ სუდაძე, ბიზნესმენი, განათლებული და ღირსეული პიროვნება. მათ  4 შვილი ჰყავს, სამი ვაჟი და ერთი გოგონა. თინათინი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია, სამედიცინო ინსტიტუტში კითხულობს ლექციებს და მუშაობს მედიკლაბში, გენეტიკის განხრით.

ავსტრიაში მონადირებული არჩვის ფიტული

სოფიო  იურისტია, სწავლობდა საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში, გასულ წელს დაამთავრა ჰარვარდის კენედის სახელობის უნივერსიტეტი. კითხულობს ლექციებს რამდენიმე უნივერსიტეტში, არბიტრაჟისა და მედიაციის განხრით.
უმცროსი  ნინო, კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ პიარმენეჯერია, დაამთავრა იესემი, ჰყავს   მეუღლე, ლადო ძნელაძე, ამერიკის მოქალაქე, რომელიც ეწევა ბიზნესს,  მათ ახლახან  შეეძინათ ვაჟი.
– სამომავლოდ გეგმით რა გაქვთ გათვალისწინებული…
– ბევრი რამ: ჟურნალის გამოცემას უნდა მოჰყვეს სატელევიზიო გაშუქებები. ვფიქრობ, დროა, შეიქმნას საქართველოს ველური ბუნების გადარჩენის ფონდიც. რომელიც კონცენტრირებულად დაიწყებს ფიქრს და  ზრუნვას,  საქართველოს ველური ბუნების გადასარჩენად, თუ როგორ უნდა ვმართოთ  სწორად და გამოვიყენოთ ბუნებისგან ნაბოძები დოვლათი. საზოგადოებამ ბოლომდე უნდა შეიგრძნოს ბუნების სიკეთის ფასი. ჩვენ ღვთისშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და მეტი ყურადღება გვმართებს მის მიმართ, მარტო მივიღოთ. არ ივარგებს, უნდა გასცე, რომ მიიღო.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები