ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის – სვეტლანა ალექსიევიჩის პრესკონფერენცია გაიმართება

ბელორუსი მწერალი, 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისშია. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, იგი საქართველოში ორი დღე დარჩება. მწერალი თბილისში ორმა ქართულმა გამომცემლობამ – „ინტელექტმა“ და „არტანუჯმა“ მოიწვია.
სვეტლანა ალექსიევიჩი, 11 სექტემბერს, მწერალთა სახლში პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.
ვიზიტის ფარგლებში, მოეწყობა მისი ახალი წიგნის – „ცინკის ბიჭების“ პრეზენტაცია, ხოლო 12 სექტემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება ცენტრალური ღონისძიება – შეხვედრა მკითხველთან.
სვეტლანა ალექსიევიჩი 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია ლიტერატურის დარგში. ქართულ ენაზე მისი წიგნების უმეტესობაა თარგმნილი.
გამომცემლობა „ინტელექტმა“ და გამომცემლობა „არტანუჯმა“ სხვადასხვა დროს ნობელიანტი ავტორის შემდეგი წიგნები გამოსცა: „ჩერნობილის ლოცვა“ (მთარგმნელი ნინო ბექიშვილი), „ომს არ აქვს ქალის სახე“ (მთარგმნელი თამარ კოტრიკაძე), „სექენდ ჰენდის დრო“ (მთარგმნელი ნინო ბექიშვილი). სვეტლანა ალექსიევიჩის ვიზიტთან დაკავშირებით საგანგებოდ გამოიცემა მისი კიდევ ერთი წიგნი „ცინკის ბიჭები“ (მთარგმნელი ზურაბ ქუთათელაძე).
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: რუსთაველის თეატრი, საქართველოს მწერალთა სახლი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები