„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი – ლაშა გოგია, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ თაზო ფაცაციასთან ერთად, ზუგდიდში, რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
„ქალაქში უმთავრესი პრობლემა შიდა გზებია, რომელსაც აუცილებლად მოვაგვარებთ, თუმცა სანამ გზის დაგებას დავიწყებთ, უნდა დასრულდეს მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანა. იცით, რომ ჩვენ ვახორციელებთ წყალმომარაგების მასშტაბურ პროექტს, რომლის ღირებულებაც 88 მილიონი ლარია. სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება და ზუგდიდში არ იქნება ქუჩა თუ ჩიხი, სადაც ცენტრალიზებული წყალმომარაგება არ გვექნება. დრო, როცა მოსახლეობა მხოლოდ ჭის იმედად იყო და ზაფხულობით ხშირად წყლის გარეშე რჩებოდა, წარსულს ჩაბარდა. ჩვენ ასევე ვიწყებთ წყალარინების მასშტაბურ პროექტს, რომელის ბიუჯეტიც 84 მილიონი ლარია, ამით ქალაქს სრულად მოუგვარდება წყალარინების პრობლემა. ჩვენ არ დაველოდებით ორივე სამუშაოს სრულად დამთავრებას, გავაკეთებთ გეგმას და როგორც კი დასრულდება ამა თუ იმ ქუჩაზე წყალმომარაგების და წყალარინების ქსელის გაყვანა, დავიწყებთ ახალი გზის დაგებას“, – აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.