ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო წარწერები გამოჩნდა

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო წარწერები გამოჩნდა. დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილებას ადამიანები ამ სახით გამოხატავენ. წარწერები გაჩნდა სოხუმის სანაპიროზე, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ცენტრალურ შესასვლელთან. წითელი საღებავი შეასხეს სანაპიროზე მუჰაჯირების ძეგლსაც.

აქცია, სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული კომპანიებისთვის საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას უკავშირდება, რადგან ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილი ამ შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

სოხუმის ე.წ. მერმა, ბესლან ეშბამ “ვანდალიზმის აქტში” მონაწილეთა დასჯის პირობა დადო.

“იმედი გვაქვს, ჩვენი სპეცსამსახურები შეძლებენ ამის ჩამდენი ადამიანის პოვნას და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას”, – თქვა ბესლან ეშბამ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას რუსეთის ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან გააფორმა შეთანხმება, რომლითაც რუსულ კომპანიებს დე ფაქტო რესპუბლიკაში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.

მანამდე, 1 ოქტომბერს, მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთს საბიუჯეტო დაფინანსება შეუჩერა, მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი ამ დოკუმენტის ხელმოწერა იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები