ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროექტებში ქართული მხარე ჩაერთვება

ოშკი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ანკარაში კულტურის მინისტრის და ქართული დელეგაციის ვიზიტზე და თურქეთის მხარესთან მოლაპარაკებების შესახებ „პირველ არხს“ ესაუბრა. ნიკოლოზ ანთიძის  განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა თურქეთში, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლების რეაბილიტაციის პროცესებს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მიიღო პირობა, რომ ამ პროექტებში უშუალოდ იქნება ჩართული.
„სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმება მაისში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეულია. შესაბამისად, უახლოეს 15 დღეში შეჯერდება სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა. პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივიღეთ დაპირება, რომ ამ სამუშაო ჯგუფის შექმნის შემდგომ გადმოგვეცემა ოშკის პროექტი გასაცნობად და ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. ასევე, შეირჩევა ის პრიორიტეტული ძეგლები, სადაც, დავუშვათ, პროექტი ჯერ არ არის მზად, მაგრამ მისი მომზადება უნდა დაიწყოს. სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, მაგალითად პარხალში, მისი პროექტიც გადმოგვეცემა. რაც შეეხება იშხანს, სამუშაოები აქ ბოლომდე არ არის დასრულებული. ახლა მზადდება არქეოლოგიური სამუშაოების პროექტი, რომელსაც ასევე, გავეცნობით. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან შედეგიანი იყო ეს შეხვედრა“, – აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი.
საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაცია თურქეთში 7 სექტემბერს გაემგზავრა. სამუშაო ვიზიტი  9 სექტემბერს დასრულდება.
ვიზიტის ფარგლებში, ანკარაში მიხეილ გიორგაძე კოლეგას, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს ნუმან ქურთულმუშს შეხვდა.
შეთანხმება თურქეთსა და საქართველოს შორის 2017 – 2021 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მიმდინარე წლის 23 მაისს გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები