„საბავშვო ევროვიზია – 2017“: საქართველოს სახელით გრიგოლ ყიფშიძე იმღერებს

 „საბავშვო ევროვიზია – 2017-ს”  წელს პირველად თბილისი უმასპინძლებს და საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს.
კონკურსანტების ღია მოსმენა „პირველი არხის“ პავილიონში გაიმართა. მონაწილეებმა საკუთარი რეპერტუარიდან თითო სიმღერა შეასრულეს.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება, რომლის კომპოზიტორიც, ასევე, კონკურსის მეშვეობით შეირჩევა.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: პროდიუსერი – ზაზა შენგელია, მომღერალი – მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი – დავით ევგენიძე; „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“: მუსიკალური რედაქტორი – ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი – გიორგი ასანიშვილი.
„საბავშვო ევროვიზია – 2017“-ის დამდგმელი რეჟისორი გორდონ ბონელო იქნება. ბონელო უკვე 4 წელია თანამშრომლობს ევროპის მაუწყებელთა კავშირთან და 2014 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საბავშვო ევროკონკურსის მასშტაბურ შოუს დგამს.
ასევე, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება შოუს წამყვანების ვინაობაც. კასტინგი გორდონ ბონელომ პროექტის საპროდიუსერო ჯგუფთან ერთად ჩაატარა.
„საბავშვო ევროვიზია – 2017“ საქართველოში 26 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. გასულ წელს მალტაში გამარჯვება ქართველმა კონკურსანტმა მარიამ მამადაშვილმა მოიპოვა სიმღერით „მზეო“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები