„საქართველოს სინფონიეტა“ ახალ საკონცერტო სეზონს პოლონეთში გახსნის

ალინა რატკოვსკა

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ ივლისსა და აგვისტოს თვეში  „გუთ იმლინგის (გერმანია) საოპერო ფესტივალში“ მონაწილეობდა, სადაც დიდი წარმატება მოიპოვა.
როგორ „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 8 აგვისტოს, ორკესტრი ხანგრძლივი საკონცერტო ტურნედან დაბრუნდა და სექტემბერში კვლავ მიემგზავრება, ამჯერად გდანსკში (პოლონეთი), „გოლდბერგის ფესტივალზე“, რითიც „საქართველოს სინფონიეტა“ 2017/2018 წლის საკონცერტო სეზონს გახსნის.
„გოლდბერგის ფესტივალი“ 2006 წელს ქალაქ გდანსკში დაარსდა. მისი დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ალინა რატკოვსკა, რომელსაც ქართველი მსმენელი „თბილისის ბაროკო ფესტივალიდან“ უკვე კარგად იცნობს. ფესტივალზე ყოველწლიურად სრულდება ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურის, იოჰან გოთლიბ გოლდბერგის ახლად აღმოჩენილი ნაწარმოებები.

ბეტინა რანჩი

წელს, „საქართველოს სინფონიეტა“ უკვე მეორეჯერ მიიღებს ამ ფესტივალში მონაწილეობას და 16 სექტემბერს გოლდბერგის ორ კანტატას შეასრულებს. ამასთან ერთად, კონცერტზე შესრულდება გეორგ ფრიდრიჰ ჰენდელის „გლორია“ და გეორგ ფილიპ ტელემანის სიუიტა „დონ კიხოტი“.
„საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობენ: გოლდბერგის ვოკალური ანსამბლი, ანა ცარციძე (სოპრანო), ბეტინა რანჩი (ალტი), გეორგ პოპლუტცი (ტენორი) და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი – ალინა რატკოვსკა (ორგანი, დირიჟორი).
„საქართველოს სინფონიეტა“ 19 ოქტომბერს კიდევ ერთ პოლონურ პროექტს წარმოგიდგენთ, ფესტივალზე „შემოდგომის თბილისი“ ელბლონგის კამერულ ორკესტრთან (პოლონეთი) ერთად პოლონურ მუსიკას შეასრულებს.
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ პოლონეთში იწყებს ახალ საკონცერტო სეზონს და, საქართველოში დაბრუნებისას, მსოფლიოს ვარსკვლავებთან ერთად მრავალ ახალ და საინტერესო პროექტს აპირებს. 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე კი შედგება „თბილისის ბაროკო ფესტივალი“, რომელსაც დიდი მოლოდინით ელოდება ქართველი მსმენელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები