“მეუფე პეტრე ცაავამ, შეგნებულად, თუ შეუგნებლად პირდაპირ პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი”

„მეუფე პეტრე ცაავამ, შეგნებულად, თუ შეუგნებლად პირდაპირ პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი”, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა, სწორედ მეუფე პეტრე ამტკიცებდა, რომ შორენა თეთრუაშვილი არის მძლეთა-მძლე და ყველა გადაწყვეტილების მიმღები.

„სასამართლოზე დაკითხვის პერიოდში არაპირდაპირი მნიშვნელობით, იყო ერთგვარი მოთხოვნა, რბილად რომ ვთქვათ, ზეწოლა იმისა, რომ შექმნილიყო ერთგვარი მოტივაცია ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის მძლეთა-მძლეობაზე, რომ ის გარკვეულწილად წყვეტს ეკლესიაში საკითხებს, მას შეუძლია შეაჩეროს ადამიანის წინსვლა ან საერთოდ დააბრკოლოს და სხვა, რაზეც მე მათ განვუცხადე, რომ ეს შეურაცხყოფაა ეკლესიის, ეს შეურაცხყოფაა პატრიარქის, იმიტომ, რომ ეკლესიას მართავს სინოდი საეკლესიო დებულებით „პატრიარქისა თანაი“. ასეა წესდებაში და იყო შემთხვევები წმინდა სინოდის სხდომების დროს, როცა მის უწმინდესობას ჰქონდა სურვილი, რომ ვინმეს კანდიდატს ასახელებდა მღვდელმთავრად, თუმცა ეს ვერ განხორციელებულა სინოდის წინააღმდეგობის გამო.
დღეს მოვისმინეთ ახალი ტერმინი – შურისძიება, რომ ეს შურისძიებით მოხდა. აქამდე ვისმენდით, რომ ეს იყო ანგარების მიზნით, მაინცდამაინც მყარი ვერ არის, მინდა გითხრათ, რომ ეს მოტივაცია მათ გაუმყარა მეუფე პეტრემ, როდესაც ის წარსდგა სასამართლოს წინაშე და ამტკიცებდა, რომ შორენა არის მძლეთა-მძლე და ის არის ყველა გადაწყვეტილების მიმღები. ეს ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, რაც პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ვთქვა, რომ მან ამ ქმედებით შეგნებულად, თუ შეუგნებლად პირდაპირ პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი”,- განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები