ასავალ-დასავალმა საბოლოოდ წააგო დავა მამუკა ხაზარაძესა და “თიბისი ბანკთან” სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაზეთ „ასავალ-დასავალს” ჟურნალისტებსა და რედაქტორს მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე გაზეთის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მან „ასავალ-დასავალსა” და სარედაქციო კოლექტივს სოლიდარულად დააკისრა მორალური ზიანის სახით საერთო ჯამში 5000 ლარის გადახდა მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ. როგორც თიბისი ბანკში განმარტავენ, აღნიშნული თანხა მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს.
„ასავალ-დასავალი” გრძელვადიან, მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებდა თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. გამოცემის თითქმის ყველა ნომერში ქვეყნდებოდა ღირსების შემლახველი სტატიები მამუკა ხაზარაძის მიმართ. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას და შესაბამისად, გარდა ფულადი კომპენსაციისა, გაზეთს დაავალა გავრცელებული ცნობების უარყოფა გაზეთის იმავე გვერდზე და იმავე შრიფტით, რა ფორმითაც აღნიშნული ცრუ ინფორმაცია დაიბეჭდა.
ადვოკატი ქეთი ქვარცხავა განმარტავს: „ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ მედიას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისას და მედიის მხრიდან ყალბი ცნობებით პირის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა დაუშვებელია. ეს პრეცედენტი ცხადყოფს, რომ ადამიანის ღირსება, პატივი, ასევე კომპანიის საქმიანი რეპუტაცია დაცულია კანონის ძალით და სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს უფლებები ხელშეუვალია ჩვენს ქვეყანაში.”
ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით: „ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ განსაზღვრა მედიიის პასუხისმგებლობის ფარგლები ინფორმაციის გავრცელებისას და მისი მხრიდან პირის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის დაუშვებელობა ყალბი ფაქტების გავრცელებით.”
დავა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს სასამართლოების სამი ინსტანცია გაიარა. სამივე ინსტანციამ აღიარა, რომ საქმე ეხებოდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები