ცესკო: ყოფილი დეპუტატი და მისი შვილი ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. როგორც ცესკო-ში აცხადებენ, პარლამენტის ყოფილი წევრი – სამუელ პეტროსიანი და მისი შვილი – გიორგი პეტროსიანი ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჰასკიმ მარანგოზიანს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
„2 სექტემბერს, ახალქალაქში, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჰასმიკ მარანგოზიანის მიმართ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, სამველ პეტროსიანმა და მისმა შვილმა, გიორგი პეტროსიანმა (გამგებლის რწმუნებული) განახორციელეს მუქარა. ოლქის თავმჯდომარეს დაემუქრნენ როგორც საკუთარი სიცოცხლის მოსპობით, ისე ოჯახის წევრის უკანონო თავისუფლების აღკვეთითა და ქონების დაზიანებით, კერძოდ, სახლის დაწვით.
საყურადღებოა, რომ ჰასმიკ მარანგოზიანის განცხადებით, აღნიშნული პირების მხრიდან მსგავსი მუქარა მის მიმართ უკვე არაერთგზის განხორციელდა. გარდა ამისა, გუშინვე, სამველ პეტროსიანმა ქუჩაში მიმავალ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, პაატა ფანჯიკიძეს, მოპირდაპირე მხრიდან გაუჩერა მანქანა და მოსთხოვა ახსნა-განმარტებები მის საქმიანობასთან დაკავშირებით.
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფაქტები შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მოწოდებული ინფორმაცია შესასწავლად გადაეგზავნება პროკურატურას. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ამ სახის ჩარევა უკვე საშიში ტენდენციის სახეს იღებს, რაც მოითხოვს ყველა ჩართული მხარის დროულ რეაგირებას და მაქსიმალურ ძალისხმევას ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის“, -აცხადებენ ცესკოში.
ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს არჩევნებში მონაწილე მხარეებს, თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევისა და უკანონო ქმედებების განხორციელებისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები