აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გურიაში ინტენსიურად მიმდინარეობს
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის რეგიონში, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად გაეცნო.
ქიმიური წამლობა ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში (გურიანთა, სოფელი ოზურგეთი, ნიგოითი, შუხუთი, ჩიბათი, ლესა, ჩოჩხათი, სუფსა და ნიგვზიანი) ინტენსიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ამ დროისთვის 2 ათასამდე ჰექტარი ფართობია შეწამლული და, წინასწარი მონაცემებით, 3 ათასამდე ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. მავნებლის გავრცელების კერები და საკარმიდამო ნაკვეთები თერმული ნისლის ტექნოლოგიით და სამანქანე აგრეგატებით მუშავდება.
„აზიური ფაროსანა გამოწვევაა აგრარული სექტორისთვის და მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ატარებენ, მათ შორის – გურიის რეგიონში. ღონისძიებების პირველ ეტაპზე ჩატარებული და ამჟამად მიმდინარე წამლობის შედეგად ფაროსანას პოპულაცია შემცირდა, თუმცა, მავნებელთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და ჩვენ ვაგრძელებთ წამლობას. ამასთან, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და აქტიურობა, რაც წამლობის გარდა მექანიკური ღონისძიებების გატარებასაც გულისხმობს,” – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აქტიურად არიან ჩართულები იმ მასშტაბურ ღონისძიებებში, რომლებიც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტარდება. ადგილზე მუშაობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკა და სპეციალისტები. სააგენტოსთან ერთად აქტიურად ვახდენთ მავნებლის გავრცელების კერების იდენტიფიცირებას, რათა სრულად და დროულად მოხდეს ღონისძიებების გატარება”, -აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე 53 ათასი ჰექტარი თხილის ფართობი დაამუშავა. მეორე ეტაპზე 50 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. უცხოელი ექსპერტების შეფასებით, გატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და ლოკალიზებულია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში.
ღონისძიებები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით მიმდინარეობს.